„ცივი ამინდი იყო. მეორეც, პარტიებს სრული მობილიზაცია ნამდვილად არ გაგვიკეთებია“
01/03/2021 11:55:15 პოლიტიკა
„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 26 თებერვლის აქციაზე შეკრებილი საზოგადოების რაოდენობას შემდეგნაირად განმარტავს.
„ეს აქტიურობა გაიზრდება. ძალიან ცივი ამინდი იყო იმ დღეს. მეორეც, პარტიებს სრული მობილიზაცია ნამდვილად არ გაგვიკეთებია, შემიძლია, ეს ერთმნიშვნელოვნად გითხრათ. და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მეტ კონკრეტიკას დაინახავს საზოგადოება ოპოზიციის შემდგომ ნაბიჯებში და მიზნისკენ უფრო ახლოს მივალთ, მეტი ადამიანი გამოვა. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა“,– ასე უპასუხა ბურჯანაძემ რეპლიკას, რომ 28 თებერვლის აქციაზე, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები არ აქტიურობდნენ, მეტი მოქალაქე მივიდა.
რაც შეეხება 2 მარტისთვის დაგეგმილ აქციას, ბურჯანაძე ამბობს, რომ ის ხალხმრავლობას არ ითვალისწინებს.
„პიკეტი, გზის გადაკეტვა, ეს კანონიერი და კონსტიტუციური მეთოდებია. ხვალ არ არის გათვალისწინებული დიდი რაოდენობით ადამიანის თავმოყრა: პიკეტი არ არის დაკავშირებული ადამიანების დიდ რაოდენობასთან, მაგრამ აუცილებლად უნდა შეწუხდეს ხელისუფლება, ისევე, როგორც მათი უუნარობით არის შეწუხებული საქართველოს მოსახლეობა. პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მეტად უნდა ჩაერთოს მოსახლეობა, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ პროცესი გააქტიურდეს“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, რომ ქვეყანას სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა, მაგრამ დღეს “კომპექსური განსაცდელია, როდესაც არც ერთი მიმართულებით სინათლე არ ჩანს. ქვეყანა შუა საუკუნეებისკენ მიდის!“.


