ჯანდაცვის მინისტრის თანამდებიბიდან გადადგომას მოითხოვენ
01/03/2021 12:13:18 პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
„ეს [პანდემია] იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა. ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა, რადგან „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრმა ტიკარაძემ სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა და "უსწრაფესად უნდა განსაჯაროვდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით არსებული მიმოწერა ".
ცნობისთვის: საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის "კოვაქსის" პლაფორმიდან მიიღებდა, თუმცა პრეპარატის შემოტანის ზუსტი დრო ჯერ–ჯერობით უცნობია. დღეს "კოვაქსის" პლატფორმამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:
"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ".
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა და დღეს გაკეთებული განცხადების გამო "კოვაქსის" პლატფორმას განმარტებისთვის მიმართეს.
"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ "კოვაქსის" პლატფორმას და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებაზე, რომელიც გაჟღერდა "ინტერპრესნიუსზე". წერილებში, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, ეს არის 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი მითითებული არის "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას", - განაცხადა გაბუნიამ.


