ოპოზიცია მიშელთან შეხვედრის შემდეგ: "მივიღეთ დაპირება, რომ განახორციელდება ზეწოლა, მათ შორის ხელისუფლებაზეც"
01/03/2021 12:41:50 პოლიტიკა
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, მათ შორის ხელისუფლებაზეც, რათა კრიზისი დაიძლიოს" , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლება, განვითარდეს, აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამიტომ, ევროკავშირს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება, ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებსაც ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით. ეს არის პოლიტპატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათვისუფლდნენ, რათა დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული, დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შეიძლება, იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მე შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს - მათ შორის, ხელისუფლებაზეც“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს ესმით, რომ შეუძლებელია, ხელისუფლება ოპოზიციურ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს აკავებდეს და ამავდროულად, დიალოგზეც საუბრობდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრიდან გამოსული ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მან მიშელს პოლიტიკური დიალოგის აქტიურ ფაზაში, მედიაციიდან მოდერატორობაში გადასვლა შესთავაზა.
"ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს მოდერატორობაში, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას უარი არასდროს უთქვამს დიალოგზე. ვუთხარით და ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ-ეკონომიკურ- პანდემიურ კრიზისში. ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და ამის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, ან პირდაპირ დანიშვნაზე. ხაზი იყო გასმული, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, მოტივირებული საქმნეების იარაღად გამოყენება პოლიტოპონენტების მიმართ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მან "დაინახა, რომ შარლ მიშელი პირადად აპირებს, ჩაერთოს კრიზისის მოგვარების პროცესში".
"დავინახე, რომ პირადად შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება, ზოგადად, ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია. მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო რომ, ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან, ეს არის ორი განსხვავებული რამ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. მესამე, მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამ ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ სერიოზული წინსვლა გვექნება. მეოთხე - მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება, ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე, რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს", - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, იგი ვარაუდობს, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან გამომდინარე, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე შედგება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პლებისციტი იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა თავის დროზეც:
„პლებისციტი იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით დაყენებული საკითხი თავის დროზეც, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენ ამას, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პლებისციტის კითხვა უნდა იყოს, გსურთ თუ არა, ამა და ამ კონკრეტულ თარიღზე, არა შორეულ მომავალში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პლებისციტი უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს ნიშნავს, პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და იმ პაკეტს რეფორმებისა, რომელიც შეტანილია უკვე ოპოზიციის მხრიდან. ამ თავისუფალ ვერდიქტს ჩვენი საზოგადოების ყველა უნდა დაემორჩილოს“.
მისივე თქმით, "კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა ანუ პოლიტიკური პატიმრები: მელია და რურუა გათავისუფლდებიან. ამასთან, დავსხდებით საუბრისთვის,როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლაინ არჩევნებამდე".
.


