ღარიბაშვილი: "დიალოგი ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ"
01/03/2021 14:17:54 პოლიტიკა
"ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი ქვეყნის მეგობრის. ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარადაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ღირებულებებისადმი. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. შევეხეთ არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე აღინიშნა,რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულნი ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
"შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“, – განაცახდა ღარიბაშვილმა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი დაინტერესდა, "რისთვის არის მზად ქართული ოცნება და რამდენად რეალურია რომ მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდეს?", რაზეც პრემიერმა შემდეგი განაცხადა:
"ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი, სხვა შემთხვევაში ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვართ მზად იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის".


