"საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა"
01/03/2021 15:41:57 პოლიტიკა
"საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე, მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის", – განაცხადა მიშელმა.
მანამდე, მან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღეს საღამოს მოლაპარაკებებზე იწვევს.
"მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. იმედი მაქვს დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, ყველაფერი ვერ მოგაგვაროთ დღესვე, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული", განაცხადა მიშელმა.


