ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმას უჩივლოს

01-03-2021 19:58:17 პოლიტიკა ,საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ "კოვაქსის" პლატფორმას "არასწორი ინფორმაციის" გავრცელებისთვის უჩივლოს.

როგორც ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გასცა პლატფორმამ სააგენტო "ინტერნპრესნიუსს" ინფორმაცია, თითქოს "თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს".

მინისტრი ამბობს, რომ პლატფორმასთან კომუნიკაციის ფარგლებში, რომელიც 18 სექტემბრიდან დაიწყო, მსგავსი შინაარსის წერილი ჯანდაცვის სამინისტროს არასდროს მიუღია.

"შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ "კოვაქსის" პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში - ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ კოვაქს უჩივლა. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით ჯერ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ჯერ უარყონ ბრალდება ჯანდაცვის სამინისტროზე", - აცხადებს ტიკარაძე.

კითხვაზე, "შეიძლება, საქართველოც მოხდეს იმ ქვეყნების რიგში, ვინც უჩივლებს პლატფორმას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე?", ტიკარაძემ შემდეგი განაცხადა:

"გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის რეპუტაციულ რისკებზე საუბარი, მე ამასაც არ გამოვრიცხავ. რადგან ეს ყველაფერი სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოყენებულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ მოხდეს დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია; ჯანდაცვის სამინისტრო ამას არ დაუშვებს და არ გავხდებით იმის მიზეზი, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება".

ცნობისთვის: საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის "კოვაქსის" პლაფორმიდან მიიღებდა, თუმცა პრეპარატის შემოტანის ზუსტი დრო ჯერ–ჯერობით უცნობია. დღეს "კოვაქსის" პლატფორმამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ".

მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა და დღეს გაკეთებული განცხადების გამო "კოვაქსის" პლატფორმას განმარტებისთვის მიმართეს.

"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ "კოვაქსის" პლატფორმას და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებაზე, რომელიც გაჟღერდა "ინტერპრესნიუსზე". წერილებში, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, ეს არის 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი მითითებული არის "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას", - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები