"კოვაქსის" მიღმა დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000 და 1 000 000 დოზა"

01-03-2021 20:03:46 საზოგადოება

"კოვაქსის" მიღმა დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000 და 1 000 000 დოზა", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ჩვენ მწარმოებლებს ვესაუბრებოდით და დღესაც ვესაუბრებით. სწორედ ეს არის გარანტი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ "კოვაქსის" მიღმა, სადაც ჩვენ დაჯავშნილი გვაქ ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის დოზები, ამის მიღმა ჩვენ დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ წინ წასული მოლაპარაკებებია ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს აკრედიტირებული და აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ასევე ისეთ ვაქცინებზე, რომლებსაც დღესდღეობით მხოლოდ FDA-ს აკრედიტაცია აქვს. ამ პლატფორმებზე ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და შემდეგ შემახსენოთ ეს დოზირებები. 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და 1 000 000 დოზა ჩვენი მოსახლეობისთვის", – განაცხადა მინისტრმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ცნობისთვის: საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის "კოვაქსის" პლაფორმიდან მიიღებდა, თუმცა პრეპარატის შემოტანის ზუსტი დრო ჯერ–ჯერობით უცნობია. დღეს "კოვაქსის" პლატფორმამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ".

მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა და დღეს გაკეთებული განცხადების გამო "კოვაქსის" პლატფორმას განმარტებისთვის მიმართეს.

"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ "კოვაქსის" პლატფორმას და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებაზე, რომელიც გაჟღერდა "ინტერპრესნიუსზე". წერილებში, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, ეს არის 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი მითითებული არის "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას", - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები