ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს
01/03/2021 16:42:44 პოლიტიკა
ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე.
"ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საერთოდ საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი მიუღებელია. იმიტომ, რომ პლებისციტი ისევე გაყალბდება, როგორც გაყალბდა არჩევნები. გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზციას შეხვედრაზე იგივე გზავნილები ექნება, რაც აქამდე ჰქონდა.
"არაფერი მაგ მხრივ არ შეცვლილა. მოლაპარაკები იწყება ახლა. ვერსალის ზავი იქნება", – განაცხადა ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკების ხარისხმა ძალიან მაღალ ნიშნულზე აიწია:
"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიშელს ამ ინიციატივისთვის. მოლაპარაკების ხარისხმა და დონემ აიწია ძალიან მაღალ ნიშნულზე. ეს არის ძალიან პოზიტიური, დაიწყო მედიაციის პროცესი. ვადაც განსაზღვრულია, რომ ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რათა შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს. ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები".
დავით ბაქრაძის განცხადებით, ეცდებიან, მოძებნონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება:
"დავთანხმდით შეხვედრას მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებით, პრაქტიკულად ხელისუფლებამ დიალოგის კარი დახურა. აქ ვართ და ვეცდებით, მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა წინა კვირაში. მოხდეს ნიკა მელიას გამოშვება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და გიორგი რურუას გათავისუფლება. ამ ფონზე გავაგრძელოთ საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე. პირველ რიგში, უნდა აღდგეს ის სტატუს-კვო, რომელიც გვქონდა და რომლის პირობებში საუბარი შესაძლებელი იყო. ეს სტატუს-კვო დაარღვია ნიკა მელიას დაკავებამ“.
სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა:
"ჩვენ მოლაპარაკებების სრულიად სხვა სიბრტყეში გადავდივართ და შესაბამისად, ევროკავშირის ჩართულობა იქნება სრულიად სხვა პოლიტიკური დონის. ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება გაცილებით უფრო კოორდინირებული და მყარი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს და ამ ახალი განახლებული პროცესით მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ამ პოლიტიკური კირიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან წარმოუდგენელია. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი".
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღეს საღამოს მოლაპარაკებებზე იწვევს.
"მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. იმედი მაქვს დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, ყველაფერი ვერ მოგაგვაროთ დღესვე, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული", განაცხადა მიშელმა.


