შარლ მიშელი 2-კვირიან ვადას ასახელებს: "პოლიტიკური კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას"
01/03/2021 18:34:43 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ 2–კვირაში ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე ჩაიბარებს ანგარიშს, თუ რა შედეგი მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.
"გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის მოგვესმინა. დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. 2 კვირაში იქნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში, სადაც პროგრესზე უნდა ვისაუბროთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ მხარეებმა", – განაცხადა მიშელმა.
მისივე თქმით, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშეა, ამიტომ აუცილებელია ამ პოლიტიკური კრიზისის დროული გადაწყვეტა.
"ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, მათ შორისაა ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, "კოვიდ 19", უსაფრთხოება. ეს პოლიტიკური კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „დიახ“. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას. პოზიციები განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პროგრესს მივაღწიოთ", - განაცხადა მიშელმა.


