რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება

01-03-2021 22:52:06 პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გაიმართა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდენენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორისაც პატიმრების, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ლელოს“ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული, კრიზისი დაიძლევა.

"ჩამოიწერა 6 საკითხზე. კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი. ეს დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე", – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დასახელდა 2–კვირიანი ვადა:

"ბუნევრივია, დღეს ყველა ამ საკითხზე ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდებოდა. მთავარია, რომ პროცესი დაიძრა და ამ პროცესს ახლავს კონკრეტული ვადები. ვადა დაინიშნა დაახლოებით ორი კვირა, 16 მარტს არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ მომენტისთვის ჩვენ, ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, "დღეს მთავრი შედეგი არის, რომ განვაახლეთ უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი".

"საჯარო პროტესტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს უკავშირდება: პოლიტიკურ,სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებს და ბევრ სხვა პრობლემას. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს საჯარო პროტესტი იმ შესაძლო შედეგებთან რა შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართულმა დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა მოიტანოს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა", – აღნიშნა სამადაშვილმა.

გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე განწყობა იყო, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი.

"ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ რაღაც თემაზე არ ვისაუბრებთ, გაჟღერებული არ ყოფილა. მოლაპარაკებების მაგიდაზე განიხილება 6 საკითხი. იქ არის პუნქტები მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნებიც და ა.შ. ყველა ეს საკითხი დევს მაგიდაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებები გამოსავალია. თუ მოლაპარაკებებს დავიწყებთ და გავაჟღერებთ, რაზეც ახლა შევთანხმდით, შეიძლება, აქედან რაღაც გამოვიდეს, არანაირი გარანტია მაგის არ არსებობს. პოლიტიკური პატიმრები, ხელახალი არჩევნები დევს მაგიდაზე და არის იმ ექვს პუნქტში, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა წარმოადგინა. ეგ არ ნიშნავს, რომ ოცნება ამაზე ხელს აწერს, ეგ ნიშნავს, რომ თანახმა არიან ამ საკითხების გარშემო ვისაუბროთ", - აცხადებს ჯაფარიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები