თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

01-03-2021 23:08:28 საზოგადოება

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაციაა შესაძლებელი,– იუწყება თურქეთში საქართველოს საელჩო.

„ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია სისტემაში. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ, კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ხსენებული სააგენტოს ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge , პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ და თან იქონიონ 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილი და მისი ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები