"მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, ეს საკითხი გვერდზე იყო გადაწეული"
02/03/2021 06:44:36 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
ამასთან, მან განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება, იყოს "რაიმე სახის ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი".
"გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ თითქოს იქ რაღაც ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე იყო საუბარი, პირიქით ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, ეს ჩვენი პოზიციაა და ამ პოზიციაზე მყარად ვდგავართ და ასე იქნება მომავალშიც, რომ არანაირი რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები არ იქნება , ერთადერთი პირობის შესრულების გარდა – თუ ისინი ჩაერთვებიან კომისიის შესრულებაში და 1%–იან გადახრას მაინც იპოვიან "ოცნების" სასარგებლოდ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს რაიმე სახის ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. პირიქით ეს საკითხი გვერდზე იყო გადაწეული", – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, "გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით".


