NATO-ს ევროპული ძალების ყოფილი მთავარსარდალი: "საქართველოში ყველას მოვუწოდებ, გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ"
02/03/2021 07:07:10 პოლიტიკა
NATO-ს ევროპული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, "გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ"
მისი თქმით, ერთადერთი მხარე, რომელიც ამ კრიზისით სარგებლობს არის კრემლი.
„პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის, მთავრობისა და სხვა ლიდერების ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს, იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს. ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რასაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ისინი NATO–სა და დასავლეთში გაწევრიანებისთვის იბრძოდნენ. ავღანეთში და სხვაგან, NATO–ს ძალებთან მუშაობის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ყოველთვის იყო ის, რომ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ“, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა.


