მდინარაძის მსგავსად, ელისაშვილიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციის აქცია გუშინდელი შეხვედრის პირობის დარღვევაა
02/03/2021 09:37:48 პოლიტიკა
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს პარლამენტთან გამართული აქცია გუშინ ევრროპული პარლამენტი პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის პირობის დარღვევაა.
"გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, რომ ორივე მხარემ უნდა შეარბილოს ტონი, უნდა მორჩეს მუშტების ბრახუნს, პროვოკაციულ ნაბიჯებს. დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან ეს არის საპირისპირო. ეს არის იმ სულისკვეთების საწინააღმდეგო, რა სულისკვეთებაც იყო გუშინ პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დროს. ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემ, შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს გააპროტესტოს რასაც არ ეთანხმება, მაგრამ ეს არის საპირისპირო და გულდასაწყვეტი”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას "დესტრუქციულ ქმედებას" უწოდებს.
მისი თქმით, პიკეტის მოწყობა იმ პირობის დარღვევაა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო:
"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შარლ მიშელი ყველა მხარეს არწმუნებდა, რომ უნდა გადასულიყო მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმაში და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ ვნახეთ მათი [ოპოზიციის] უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთი მხრიდან".
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებისა და დეპუტატებისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობის მიზნით დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. შსს–ს ცნობით, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. აქტივისტების თქმით, ისინი შეძახილების – "მონა", "გავრილოვის მონა!" გამო დააკავეს.


