Accentnews.ge
როგორ ესმით "მოწყალე პუტინის" საქართველოში

როგორ ესმით "მოწყალე პუტინის" საქართველოში

09/07/2019 14:37:01 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

კრემლის სრული ისტერიის ფონზე, რაც ჯერ კიდევ 20 ივნისის – „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაიწყო და პიკს 8 ივლისს, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით საჯარო გინების შემდეგ მიაღწია, კრემლის ლიდერმა ცინიკური მოწყალება გაიღო. კერძოდ, მან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რეკომენდაციის გაზიარებაზე, ეკონომიკური სანქციები დაუწესოს საქართველოს,  უარი განაცხადა და მიზეზად ქართველი ხალხისადმი პატივისცემა დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოსა და ქართველების მისამართით რუსეთის სხვადასხვა თანამდებობის პირების, სახელმწიფო სათათბიროს წევრების ხისტი განცხადებები. საუბარი შეეხებოდა მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტის, ფულადი გზავნილების აკრძალვის. ერთ–ერთმა დეპუტატმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც მოითხოვა, თუმცა შეახსენეს, რომ ამ სახის ურთიერთობა 2008 წლიდან აღარ არსებობს. ამ ისტერიის ფონზე კი პუტინის განცხადებას ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომის ნაწილად აფასებენ საქარველოში.


"კრემლის მოქმედებები საქართველოსთან მიმართებით განპირობებულია მხოლოდ იმით, რამდენად წაადგება ესა თუ ის ნაბიჯი საქართველოში რუსული გავლენის ზრდას. იქნება ეს სამხედრო აგრესია 2008 წელს, თუ პუტინის ეს განცხადება, რომ დამატებითი სანქციები ამჟამად არ არის საჭირო - საბოლოო მიზანი ერთია. რუსი დეპუტატების და სხვათა მოთხოვნები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შეიძლება, ყოფილიყო პუტინის წინაშე თავის გამოჩენის მცდელობა, ანაც სპეციალურად წინასწარ ფონის შექმნა პუტინის განცხადებისთვის, რათა მას ჰქონოდა "სულგრძელობის" გამოჩენის შესაძლებლობა",– განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა დავით ბატაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ რუსეთში აკვირდებიან მოვლენებს და არ იმეორებენ 2006 წელს დაშვებულ შეცდომებს, როდესაც ისტერია იყო ქართველებთან მიმართებაში:  

„მახსოვს ეს პერიოდი, როგორ დევნიდნენ ქართველებს და ყველაფერს ქართულს. როგორც ჩანს, ახლა ეს გაითვალისწინეს. მეორეს მხრივ, ეს არის მცდელობა, „კეთილი მეგობრის“ როლი ითამაშოს. ერთგვარი „რბილი ძალის“ გამოვლინებაა - მიუხედავად ამის ჩვენ არ გსჯით და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველოს რაც ნაკლები პრობლემა ექნება, მით უკეთესი. გარკვეული სანქციები უკვე ძალაშია. როგორც ჩანს პუტინის განცხადების შემდეგ სანქციების მეორე ტალღა არ იქნება. ვფიქრობ, ეს დასაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, რადგან შესაძლოა, ერთ დღეში შეტრიალდეს სიტუაცია და შეიცვალოს. ამიტომ რუსულ ბაზარზე ჩამოკიდება, ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული. ეს რისკები უნდა უნდა გაითვალოს".

საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს ზუსტი შეფასების გაკეთება ამ ეტაპზე უჭირს.


„ჩემს აზრს მხოლოდ მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც რეალობა გამოჩნდება. გვქონდა შემთხვევები, როცა პრეზიდენტმა პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მოქალეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, თუმცა, 24 საათი არ იყო გასული, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ რეჟიმი არ შეიცვლებოდა. ამიტომ, მოდი დავიცადოთ და დავინახოთ შედეგი და არა მხოლოდ განცხადება, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ რამდენად გულწრფელია და შევეცადოთ ამოვხსნათ მიზეზი, თუკი, ასეთი რამ მოხდება.

მისი განცხადების გულწრფელობის, სანდოობის შეფასება, მას შემდეგ დავიწყოთ, რაც დამდგარი ფაქტი გვექნება. შედგება ეს სადამსჯელო სანქცია, თუ არა. ჩვენ გვინახავს ერთიც, მეორეც და ათასი სხვადასხვა ვარიანტიც. ამიტომ მოდი, რეალურ მოვლენებზე ვისაუბროთ და არა ვარაუდებზე“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.


გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

„ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო. არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა სწორედ სიტუაციის ესკალაცია, დესტაბილიზაცია, იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი“,- განაცხადა ზალკალიანმა.


მმართველი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა პუტინის „მოწყალებით“ გულაჩუყებულებს საოკუპაციო ხაზთან ჩაბრძანება ურჩია.

„რა გითხრათ ახლა, პუტინს როგორ შესტკივა გული, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ზუგდიდში, გადაბრძანდეთ ხიდზე და ნახავთ. ასევე ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, იქ ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული. პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა, მაგრამ ერთი ჟურნალისტის აბსოლუტურად გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადების გამო, ასე ღრმად გართულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი“.


„ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძის შეფასებით,  „სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება“.

მისი თქმით, ცალსახად კარგია, რომ სანქციები არ იქნება შემოღებული, მაგრამ ეს არ ხდება იმიტომ, რომ რუსეთს და პუტინს საქართველოსთვის სიკეთე უნდა:

„სანქციების შემოღების მუქარა და შემდეგ არ შემოღება არის ზუსტად ისეთივე შანტაჟის მექანიზმი, როგორც თავად სანქცირება. ამიტომ რუსეთი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორი არ არის და ვერ იქნება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების გასაღები არის ევროპაში, ევროპულ ბაზარში, ევროკავშირში გაწევრიანებაში და ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რას გადაწყვეტს დილით პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ, გამოსავალი საქართველოს სტაბილურობისთვის არის არა იგივე გზის გაგრძელება, რომ რუსეთია ყველაფრის გამოსავალი და მოდი, პუტინს არ ვაწყენინოთ, არამედ მყარი ინსტიტუციონალური ევროპული გარანტიების მიღება ქვეყნის მომავლისთვის".


პუტინის კეთილგანწყობის არ სჯერა არც ენმ–ის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს. მისი შეფასებით, როდესაც რუსეთმა 2006 წლის ემბარგოთი საქართველოს დაზარალება სცადა, თავად მიიღო კარგი გაკვეთილი: 

„მოკლევადიანად დაგვაზარალეს, მაგრამ 2007 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – 12,6 პროცენტი გვქონდა და ინვესტიციების ყველაზე მაღალი შემოდინება იყო. ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლება მოკლე ვადით გაგვიჭირდეს, მაგრამ ქართული ბიზნესი შეძლებს ბაზრის ისეთ დივერსიფიკაციას, რომ რუსეთზე დამოკიდებული არ ვიყოთ. არც უნდა ვყოფილიყავით, რომ არა „ქართული ოცნების“ გაუმართლებელი პოლიტიკა, როცა რუსეთში, 2007 წელს, ჩვენი ექსპორტის მხოლოდ ოთხი პროცენტი გადიოდა, უფრო ნაკლები მომდევნო წლებში, მაგრამ 2017 წელს 15 პროცენტზე ავიდა, რაც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ისევ დამოკიდებული გავხდით რუსულ ბაზარზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S