მელიას პროკურორი – დეპუტატ ზარქუაზე: “ჩემთვის არაა ცნობილი, რა არგუმენტაცია ჰქონდა ამის დასადასტურებლად“
02/03/2021 12:23:00 პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ არ იცის, რა არგუმენტაციას ეყრდნობოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გირაოთი გამკაცრებას უპრეცედენტო უწოდა.
“მე ვისაუბრებ მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებზე. ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი, სხვა პიროვნებამ რა ინფორმაცია გააჟღერა და რა არგუმენტაცია ჰქონდა ამის დასადასტურებლად, თუმცა მე ვიყავი პროკურორი ამ საქმეზე, მათ შორის – იმ პროცესზე, რომელზეც მოხდა გამკაცრება გირაოს გაზრდით. ამას კანონმდებლობა უშვებს. ეს არის ნორმის განმარტების საკითხი, რაც საკმაოდ მარტივად აღსაქმელია ყველა იურისტისთვის”, – თქვა სადრაძემ ირაკლი ზარქუას განცხადების კომენტირებისას.
დეპუტატმა პარლამენტში დღეს, 2 მარტს განაცხადა, რომ „პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას“:
„არავის გახარებია აქ, ჩემს კოლეგებს და მე, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით [ნიკა მელიას – რედ.] და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა რაღაცა პროკურატურამ რაღაც, იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს.ესაა ჩვენი არჩევნი, ჩვენი მიდგომა და ხელწერა მართველი პარტიის: კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი“.


