რაზე შეთანხმდა ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრაზე
02/03/2021 12:31:32 პოლიტიკა
ოპოზიციის შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართული შეხვედრის დეტალები გააცნეს იმ კოლეგებს, რომლებიც გუშინდელ დიალოგს არ ესწრებოდნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი შარლ მიშელი ჩაერთო ამ პროცესში, გაკეთდა ჩამონათვალი ევროკავშირის მხრიდან და ამ ჩამონათვალში უმთავრესი ადგილი უკავია პოლიტპატიმრებისა და შესაძლო ვადამდელი არჩვენების თემას", – განაცხადა ბურჯანაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებაც განიხილეს.
"ვიმსჯელეთ დღევანდელ რეაქციებთან დაკავშირებით, რომელიც ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და შემდგომ გეგმებზე, როგორ წარმართოს ოპოზიციამ შემდგომი აქტივობა იმისათვის, რომ შედეგი იყოს მიღწეული. დღემდე არანაირი ინფორმაცია არ არის "ოცნებიდან" გარდა იმისა, რომ კვლავ გაიმეორეს რომ არჩევნები თურმე "წითელი ხაზია". გუშინ ღარიბაშვილს მიშელთან არ უხსენებია, რომ არჩვენები "წითელი ხაზია", – დასძინა ბურჯანაძემ.
მისვე თქმით, აქციები მომავალშიც გაგრძელდება:
"ვიმსჯელეთ აქციებთან დაკავშირებითაც. პიკეტირება არის აბსოლუტურად კონსტიტუციური ფორმა პროტესტის. პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება... თუ ხელიუფლება გადმოდგამს გარკვეულ კონკრეტულ ნაბიჯებს, ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების თხოვნასაც და გარკვეული კორექტირება შესაძლოა, მცირემასშტაბიანი აქციის გამართვის ადგილზე, დროზე ან ჩატარება/არჩატარებაზე".
ცნობისთვის: პროტესტი პარლამენტთან 26 თებრვლის შემდეგ გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 17 კარავია განთავსებული. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:
- პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
- ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.
ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:
- 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
- 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
- 9 მარტს აქცია შსს–სთან
- 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
- 13 მარტს აქცია პარლამენტთან


