"ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს თუ არა, ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის"
02/03/2021 13:08:02 პოლიტიკა
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სიტყვა მისცეს, რომ შეწყდებოდა პროვოკაციული ქმედებები და კონფრონტაციული მიმართვები, თუმცა დღეს რეალობა 180 გრადუსით შეიცვალა.
"მოწოდება იყო, რომ პანდემიისა და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის ბედი თუ გვანაღვლებს, კიდევ უფრო მძაფრი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე. ძალიან არადიპლომატიური და გულახდილი საუბარი იყო. ეს ადამიანი ყველაფერს ხვდებოდა, ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, არ იყო უბრალოდ ციდან ჩამოფრენილი მოღიმარი უცხოელი. მისი მხრიდან ერთადერთი თხოვნა იყო, დასხედით და დაილაპარაკეთ, შეთანხმდით, ამისთვის ტონს დაუწიეთ, მუშტების ბრახუნი არ გინდათო. ამ კაცის ნათქვამზე ორივე მხრიდან დასტური იყო, მაგრამ რომ დაღამდა და გათენდა, ორივე მხრიდან სხვა რამე დაიწყო. თხოვნა იყო, მოდით, წითელი ხაზებით ნუ დაიწყებთ საუბარსო, თქვით, რას ფიქრობთ, მთავარი პრობლემა რა არისო. ამაზე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


