Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტი: „ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა დიდი წარმატებაა“

პოლონეთის პრეზიდენტი: „ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა დიდი წარმატებაა“

02/03/2021 16:54:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

„საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება ნატო-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბაშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

განახლება

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანდჟეი დუდამ დიალოგისკენ მიმართულ ყველა ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილური მუშაობისთვის.

"პრეზიდენტმა დუდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა დიალოგისკენ მიმართული ქმედებების და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიმართ, რათა აღდგეს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილური საქმიანობა საქართველოში.

გვაქვს მოლოდინი, რომ დაწყებული დიალოგი მიმართული იქნება ყველა მხარის მოლოდინების დაკმაყოფილებისკენ", - ვკითხულობთ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S