Accentnews.ge
"გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული"

"გაგვიჭირდება ეკონომიკური პროექტების განხილვა ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული"

03/03/2021 11:59:21 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ეკონომიკური პროექტების განხილვა გაჭირდება. ეს განცხადება 3+3 პროექტთან დაკავშირებით დავით ზალკალიანმა გააკეთა თურქეთში, სადაც იგი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დავით ზალკალიანის თქმით, ფორმატთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასევე თურქეთის, ირანისა და რუსეთის ჩართულობას, საქართველოს პოზიცია ნათელია - იგი ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკურ პროექტებზე ვერ ისაუბრებს.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებები გარკვეულ ფორმატებში გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაჟღერდა კიდევაც 3+3, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ის დიდი ქვეყნები, რომლებიც არიან პროცესთან დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ თურქეთის, რომელიც ზრუნავს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რეგიონის სტაბილურობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება და რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მისაღები ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას. უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მაქვს მხედველობაში. ძნელად წარმოსადგენია, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და, სამწუხაროდ, აგრძელებს არამართლზომიერ და არაკანონიერ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბორდერიზაცია იქნება ეს თუ უკანონო დაკავებები, საუბარი და განხილვაც კი გაგვიჭირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების. მე ამას ძალიან მკაფიოდ განვუმარტავ ჩემს თურქ კოლეგას. იმედი მაქვს, ამას გაგებით მოეკიდებიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველომ მეზობლებს შესთავაზა თბილისი, როგორც პლატფორმა დიალოგისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი პირისპირ უკვე შეხვდა თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს. მოგვიანებით, ჩავუშოღლუსთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართება. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე–პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ამასთან, ქართველი დიპლომატი ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S