"რუსეთი ჩქარობს. ფლირტის დრო აღარაა და ამას არც არავინ გვაპატიებს!"

03-03-2021 18:00:07 ანალიზი

ამ დროისთვის სომხეთში ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ დამოუკიდებლად ჩვენს რეგიონში არაფერი ხდება,– ასე აფასებს „აქცენტთან“ „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა საქართველოს მეზობელ ქვეყანაში შექმნილ უმწვავეს კრიზისს.

რეგიონული კონტექსტი

ჯეჯელავას ანალიზის თანახმად, ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ სომხურმა სახელმწიფომ, მოსახლეობამ დიდი სტრესი მიიღო, საზოგადოება პოლარიზებულია. ამ ფონზე კი მიმდინარე კრიზისი შეცდომების დაშვების მაღალ რისკებსაც უშვებს. ამ კონტექსტში ჯეჯელავა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ დაპირისპირებას ახსენებს, რომლის მაპროვოცირებელიც თითქოს, რუსულ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით ფაშინიანის განცხადება გახდა. ჯეჯელავა ფიქრობს, რომ ახალი დაპირისპირების საფუძველი რეალურად ფაშინიანის მიერ გაზაფხულისთვის დაპირებულ ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა გახდა, ჩათვალა რა, რომ მას მოსახლეობის მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა და ვითარება მსგავს არჩევნებს არ მოითხოვდა.

„მაგრამ ვიცით, რომ ჩვენს რეგიონში კონტექსტიდან ამოგლეჯილად არაფერი ხდება და ყველაფერი დიდი რეგიონალური მოთამაშეების ინტერესებს უკავშირდება: ყარაბაღის მეორე კონფლიქტიდან ძალიან მალე გაჩნდა „6 ერის“ პლატფორმის, ახალი გეოპოლიტიკური კავშირის კონცეფცია, რომლის ერთადერთი მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურად შევიწროებაა. რეგიონის სამივე გეოპოლიტიკური მოთამაშე – რუსეთი, თურქეთი, ირანი თითქმის შეთანხმებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ძალიან ღრმა წინააღმდეგობები არსებობს, სამივე მათგანი თანხმდება, რომ სადღეისოდ პირველი რიგის ამოცანა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურად შევიწროებაა“.

ამავე კონტექსტში ჯეჯელავა რუსეთის მიერ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მიუღებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ღიად გამოჩნდა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც სომხეთის პრემიერის წინააღმდეგ რუსეთში წარმოებულ დისკურსში:

„ბუნებრივია, ხელისუფლებაში „ხავერდოვანი რევოლუციით“ მოსული ფაშინიანი რუსეთისთვის შეშფოთების საფუძველი იყო. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ფაშინიანს არასდროს უხსენებია, რომ სომხეთი რუსეთის გეოპოლიტიკური ორბიტიდან გამოდის, პირიქით, ის მუდმივად უსვამდა ხაზს სომხეთისთვის რუსეთთან სატრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობას, მაგრამ ფაშინიანი მიუღებელი გახდა რუსეთისთვის: ის ებრძოდა კორუფციას, ნეპოტიზმს, ძველი მმართველობის წესს, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდგომ სომხეთში ფაქტობრივად არ შეცვლილა. რუსეთმა კი კარგად იცის, რომ თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რეალურად შეძლებენ დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას, ეს ამავე სახელმწიფოებში მის გავლენებს შეუქმნის პრობლემებს“.

ჯეჯელავა საქართველოსთანაც ავლებს პარალელს:

„იგივე მოდელმა იმუშავა საქართველოში 2008 წელსაც: როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ საქართველო ახერხებს, შექმნას სახელმწიფო, სადაც ინსტიტუტები გამართულად იმუშავებენ, ეს კრემლისთვის მთავარი და განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, მშენებლობის პროცესი შეეჩერებინა“.

ჯეჯელავას სომხეთში ვითარების განმუხტვის ერთადერთ გზად ვადამდელი არჩევნები ესახება:

„ფაშინიანს დიდი არჩევანი აღარ აქვს. ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, მაღალია შეცდომების დაშვების რისკი, რომლითაც უკვე შესაძლოა, დაინტერესებულმა მხარეებმა ისარგებლონ.

„დასავლეთი გვიან გამოფხიზლდა...თურქეთში და აზერბაიჯანში შიში გაჩნდა“

ჯეჯელავას ანალიზით, რუსეთი ჩქარობს, ფაშინიანი მმართველობას ჩამოაშოროს, დასავლეთი კი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „გვიან გამოფხიზლდა“:

„მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის პერიოდში იყო მცდელობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, აშშ–ის ძალიან პასიურმა პოზიციამ მიგვიყვანა არსებულ მოცემულობამდე, რომელიც დასავლეთისთვის არ არის კეთილსაიმედო და რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვისაც: რუსეთი ძალიან ხაზგასმით დემონსტრირებს, ვინ არის დღეს კავკასიაში სიტუაციის „ბატონი“. ის, რომ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ თითქოს მივიღეთ მოცემულობა, რომ ნატო–ს წევრი სახელმწიფოს – თურქეთის სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებობა ლეგიტიმური გახდა, ძალიან მაცდუნებელია, მაგრამ ვფიქრობ, თურქეთშიც ხვდებიან, რომ მოვლენები ნავარაუდევი მიმართულებით არ განვითარდა: დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული ჯარი დგას და თურქეთის მონიტორინგის ფუნქციით წარმოდგენილობა, აბსოლუტურად არ არის რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის საპირწონე“.

ჯეჯელავას დაკვირვებით, რისკების გააზრება თანდათანობით ხდება როგორც დასავლეთში, მით უფრო, აშშ–ის შეცვლილი ადმინისტრაციის პირობებში, ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანში:

„თუ თავის დროზე ფაშინიანან მიმართებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიტორიკა რუსული პროპაგანდისტული მანქანის რიტორიკასთან სრულიად იყო თანხვედრაში, დღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის დამოკიდებულებები სხვაგვარია. მათ აქვთ შიში, რომ შესაძლოა, ფაშინიანის ცვლილებამ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ დადებული სამმხრივი ხელშეკრულების გადასინჯვა გამოიწვიოს. მით უფრო, რომ ახლა სომხური ოპოზიცია – „ყარაბაღული კლანი“ ამ რიტორიკით ხელმძღვანელობს. საინტერესოა, რომ კულუარული და ღია ინფორმაციაც ყარაბაღის მეორე კონფლიქტში სომხეთის სამხედრო გენერალიტეტის ძალიან საეჭვო როლზე მიუთითებს: ამ ინფორმაციების თანახმად, სამხედრო ოპერაციებისას მთელი რიგი შეცდომები იქნა დაშვებული, არ ხდებოდა პრემიერ–მინისტრის ყველა საკითხზე ინფორმირება, ამიტომ ოპტიკა, რომელსაც მთავრობა კონფლიქტის პროცესში ქმნიდა, მნიშვნელოვანწილად იყო აცდენილი რეალურ ვითარებასთან, რამაც ბუნებრივია, მოსახლეობაში ძალიან დიდი შოკი გამოიწვია“.

საქართველო

ჩვენი რესპონდენტი გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც რუსეთის, თურქეთისა და ირანის საერთო ამოცანა აქვთ: სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურად შევიწროება:

„ჩვენს მიერ ღიად გაცხადებული ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო, ჯერ–ჯერობით კვლავ ვრჩებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ერთადერთ ფორპოსტად. ბუნებრივია, დასავლეთი საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესებზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებს, რადგან ეს დეკლარირებული კურსის ცვლილებად აღიქმება. ფაქტია, რომ დასავლეთისთვის მხოლოდ განცხადებები აღარაა საკმარისი – მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ სახელმწიფოს ვქმნით: აქვს თუ არა მას შესაძლებლობა, იყოს ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ აქ გაჩნდა კითხვის ნიშნები. და როდესაც პარტნიორები დასავლეთიდან რწმუნდებიან, რომ დეკლარირების მიუხედავად კურსს ვშორდებით, შეფასებები მკაცრია და ველი, რომ კიდევ უფრო მკაცრი გახდება“.

რატომ ჩქარობს რუსეთი?

„ჩქარობს იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია რუსეთთან ახალი ტიპის ურთიერთობებს გეგმავს. რუსეთში უკვე ღიად საუბრობენ ევროსაბჭოდან გასვლის აუცილებლობაზე, რომ ეს არის ბერკეტი, რომელიც რუსეთის სუვერენიტეტს ზღუდავს; ზეწოლის მექანიზმი, რომლითაც რუსეთის შიდა პროცესებში ერევიან. დღეს რუსეთი სულ უფრო და უფრო დისტანცირდება დასავლეთისგან და იმისთვის, რომ დასავლეთს აჩვენოს ძალა, მკაფიოდ აჩვენოს, ვინ არის სამხრეთ კავკასიაში ვითარების პატრონი, დრო ცოტა აქვს“,– ამბობს ჯეჯელავა და მიუთითებს, რომ საქართველო დარტყმის ქვეშაა:

„საზოგადოების პოლარიზება და ურთიერთგაუცხოება ძალიან დიდი რისკის მატარებელია და ყველა, ვინც ამას ხელს უწყობს, უპირველესად ხელისუფლება, უნდა აცნობიერებდეს, რომ ქვეყანას ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. ახლა საჭიროა მთელი საზოგადოებრივი რესურსის მობილიზება, რომ პოლიტიკური პროცესები ურთიერთდაპირისპირებიდან მოლაპარაკების ფორმატში გადავიდეს, რათა შევძლოთ საფრთხის თავიდან აცილება, რასაც კავკასიაში დასავლეთის ბოლო ფორპოსტის შესაძლო „ჩაბარება“ გულისხმობს“.

ქართულ–აზერბაიჯანულ– თურქული შესაძლო სამხედრო ალიანსი

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 2 მარტს თურქეთში მართავს შეხვედრებს. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ვიზიტი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ბევრი თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, მით უფრო, რომ მისი ინფორმაციით, ქართულ–აზერბაიჯანულ–თურქული სამხედრო ალიანსის შექმნის შესაძლებლობა განიხილება:

„მსგავსი ალიანსი შესაძლოა, იყოს გარკვეული გამაწონასწორებელი მექანიზმი ვითარებისა, რომელიც კავკასიაში იქმნება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანის პოზიცია ყარაბაღის მეორე კონფლიქტის დროს რადიკალურად განსხვავებული იყო პირველი კონფლიქტის დროინდელისგან: ირანმა აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიების განთავისუფლებას მხარი ღიად დაუჭირა. ეს იყო სრულიად ახალი რეალობა, რომელიც ამ კონფლიქტის დროს დადგა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ირანის მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული სამხედრო დახმარებაც არ დარჩა შეუმჩნეველი. ამდენად, ვითარება ამჟამად ძალიან არაორდინალურია. ამიტომ, არ ვიცი, საერთო სამხედრო ალიანსის თემაზე შეთანხმება რამდენად შესაძლებელი იქნება. ეს რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია და შეეცდება წინააღმდეგობის გაწევას“.

გარდა ამისა, ჯეჯელავას კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან აქვს:

  • რამდენად გვაქვს გეოპოლიტიკური რისკები გათვლილი?
  • რამდენად გვაქვს ჩვენი ინტერესები მკაფიოდ გამოკვეთილი?
  • რამდენად გვაქვს რესურსი ამ ინტერესების რეალიზების?

„სამწუხაროდ, ეს არის თემები, რომლებიც დღეს საქართველოში არც განიხილება და ეს მაძლევს შეშფოთების საფუძველს, ვივარაუდო, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ და ვიმეორებ, მთელი საზოგადოებრივი რესურსის მობილიზება უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებას თავი ავარიდოთ, ერთიანი ძალით დავიცვათ მონაპოვარი, რომლისკენაც უდიდესი დანაკარგებით 30 წლის განმავლობაში მივდიოდით“.

დასკვნის სახით ჯეჯელავა მიუთითებს, რომ დღეს საქართველოს „ფლირტის“ შესაძლებლობა არ აქვს:

მიდგომით, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად აქტიური, ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, მაგრამ დღეს რეგიონში არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, არსებულ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაში ჩვენი ინტერესები მკაფიოდ უნდა გამოვკვეთოთ. ახლა აღარაა ყველა მხარესთან ფლირტის დრო და ამას არც არავინ გვაპატიებს. ფლირტის დრო წავიდა, ახლა ინტერესების დაცვის დროა ყველა შესაძლო რესურსით, მათ შორის დასავლელი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთისთვის ჯერ კიდევ არ ვართ დაკარგული. ჯერ კიდევ გვაქვს დრო“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები