"ჩვენი სახელმწიფო ალბათ, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის, რადგან მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი ინფიცირების შემთხვევებია გამოვლენილი"

03-03-2021 20:52:57 საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაქცინა აქვთ და მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მაღალი რაოდენობა იცრება, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4000-ს მაინც არ ჩამოცდენია.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ალბათ, უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის შესაბამისი უწყებები.

"ისრაელში, რომელმაც მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე დაბლა არ ჩამოდის. მე ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ ვაქცინის ეფექტურობას, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება, სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად, ეფექტური, ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული. ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს - ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა სახელმწიფოში ამ დრომდე არ შემოსულა. ხელისუფლება ჯერ–ჯერობით კონკრეტულ ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 541 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები