"ნოვავაქსთან" ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია"

03-03-2021 20:30:31 საზოგადოება

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ივნისის ბოლოს "ნოვავაქსის"ს ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს.

მისი თქმით, ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია.

"ნოვავაქსთან" მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს კი, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას. ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ "ნოვავაქსთან" ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, "ნოვავაქსით" ორჯერ აცრა იქნება საჭირო", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა სახელმწიფოში ამ დრომდე არ შემოსულა. ხელისუფლება ჯერ–ჯერობით კონკრეტულ ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 541 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები