“გუშინ აშშ–ის ახალმა ადმინისტრაციამ ევროკავშირთან კოორდინაციით დააწესა სანქციები ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ახლა დროა ვაშინგტონისთვის, რომ დაბრუნდეს საქართველოში"

03-03-2021 21:07:44 პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი მიიჩნევს, რომ “დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში უფრო აქტიურად ჩაერთოს".

“გუშინ ვიხილეთ, რომ აშშ–ის ახალმა ადმინისტრაციამ ევროკავშირთან კოორდინაციით დააწესა სანქციები ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ახლა ნამდვილად დროა ვაშინგტონისთვის, რომ დაბრუნდეს საქართველოში და სულ მცირე, მხარი დაუჭიროს ევროპელი ლიდერების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ძალისხმევას [პოლიტიკური კრიზისის მედიაციის შესახებ], რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა დიდად არ ეთანხმება იმ თეზისებს, რომელიც გაჟღერდა, ჩვენ ვნახეთ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის [ირაკლი ღარიბაშვილის] გუშინდელი განცხადება. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ აღმოჩნდეს ყველა მხარე, დროა რომ ვაშინგტონმა გამოიღვიძოს, იყოს ძლიერი. შესაძლოა, ეს იყოს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი საქართველოში”, – განაცხადა პავილიონისმა "ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამართულ ონლაინ კონფერენციაზე.

მისივე თქმით, თუ ღარიბაშვილი არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომლებიც შარლ მიშელის ქვეყანაში სტუმრობის დროს გაჟღერდა, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპა საქართველოს კარგავს:

“ჩვენ გვაქვს დარჩენილი ორი კვირა. თუ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში 14-15 მარტისთვის დაგეგმილ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ჩამოვა და განაცხადებს, რომ ის არ ეთანხმება იმ თეზისების, რაც შარლ მიშელმა წარადგინა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად ვკარგავთ საქართველოს, თუმცა ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ასე მოხდეს. ასე, რომ სწორედ დროა, რომ ამერიკამ დაუჭიროს მხარი ევროპელი ლიდერების ძალისხმევას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რაც მოხდა, არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა მოუსმენს ვაშინგტონს, ისინი ძალიან ფრთხილები იქნებიან. ასე, რომ მე ვფიქრობ, დროა ვაშინგტონმა შემოაბიჯოს ამ კრიზისში და მხარეები მოლაპარაკების მაგიდისკენ მიმართოს”, – აცხადებს პავილიონისი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები