აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: "არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ"

03-03-2021 21:27:16 პოლიტიკა

"არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯორჯ კენტმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ძალიან დიდი სივრცე არსებობს, რათა აშშ-მა და ევროკავშირმა განაგრძონ ერთად მუშაობა. ჩემი აზრით, არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს ორ კვირაში ვაშინგტონიდან სასწრაფო ვიზიტით ვინმე გაემგზავრება თბილისში. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ჩვენი და ევროკავშირის ელჩის დახმარებით, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. ჩემი აზრით, ის ელემენტები, რომლებზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან, ასევე იყო წარმოდგენილი ელჩების ფასილიტაციით გამართულ მოლაპარაკებების 4 რაუნდზე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, იმართება. ასე რომ, ჩემი აზრით, ამ დიალოგის ელემენტები უკვე დიდი ხანია ცნობილია. ვფიქრობ, ორივე მხარის მხრიდან დანაკლისია პოლიტიკური ნების თვალსაზრისით. თუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ საქართველოს მომავალზე, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ გაყოფილი პოლიტიკური ველის ორივე მხარეს თანხმდებიან, იმაზე თუ საით უნდა წავიდეს საქართველო. ეს გამოხატულია ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, როგორც NDI-ს ბოლო კვლევა აჩვენებს, საქართველოს მოსახლობის 75% მხარს უჭერს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ამაში ხედავენ საქართველოს მომავალს. ჩემი აზრით, აშშ-სა და ევროპის დიალოგი იქნება ძლიერი და შეეხება სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, საქართველოს, ასევე კავკასიას, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ შექმნილ მდგომარეობას, ირანს, ბელარუსს, უკრაინას და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება პარტნიორობა და ვიმუშავებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან. მე არ ვფიქრობ, რომ ქართველების მისაღები გადაწყვეტილება მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს უნდა იყოს სრულად ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისში, ჩვენი მხარდაჭერითა და ბიძგის მიცემით“, – განცახადა ჯორჯ კენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები