"Freedom House–ის ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელი დოკუმენტია​. სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნები ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-სთვის"

04-03-2021 11:43:35 მსოფლიო ,საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის 8–პუნქტიანი გეგმა წარადგინა. დოკუმენტში, რომლის სახელწოდება „საგარეო პოლიტიკა ამერიკელი ხალხისთვის“ არის, საუბარია მათ შორის, პანდემიაზე, გლობალურ ეკონომიკაზე, მიგრაციაზე და ჩინეთზე. გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზეა გამახვილებული.

აშშ–ის საგარეო პოლიტიკის 8–პუნქტიანი გეგმა:

1 ჩვენ შევაჩერებთ COVID-19–ს და გავაძლიერებთ გლობალური ჯანმრთელობის დაცვას;

"დაახლოებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესი განსაზღვრა. პანდემიის დასაძლევად საჭიროა, მსოფლიოში მთავრობებმა, მეცნიერებმა და ბიზნესებმა ერთად იმუშავონ. არც ერთი ჩვენგანი არ იქნება სრულად დაცული, ვიდრე მსოფლიოს უმეტესი ნაწილი იმუნური არ გახდება, რადგან ვირუსი მრავლდება, მას შეუძლია, გადაკეთდეს ახალ შტამებში, რომლებიც შემდეგ ამერიკაში დაბრუნდებიან. ამიტომ ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, რათა ვაქცინაციის გლობალური ძალისხმევა წინ წავიწიოთ", – განაცხადა ბლინკენმა.

2 ჩვენ დავძლევთ ეკონომიკურ კრიზისს და ავაშენებთ უფრო სტაბილურ, ინკლუზიურ გლობალურ ეკონომიკას;

"პანდემიამ მთელ მსოფლიოში უმუშევრობის ზრდა გამოიწვია. დედამიწაზე თითქმის ყველა ქვეყანა ახლა რეცესიაშია. ამასთან, პანდემიამ ჩამოაყალიბა უთანასწორობა. ასე რომ, ჩვენ ორმაგი გამოწვევა გვაქვს: დავიცვათ ამერიკელები ხანგრძლივი კრიზისისგან და დავრწმუნდეთ, რომ გლობალური ეკონომიკა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაძლებლობებს რაც შეიძლება მეტი ამერიკელისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამისათვის ჩვენ უნდა გავატაროთ სწორი პოლიტიკა სახლში, მაგალითად, შევქმნათ დახმარების პაკეტი. ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული ამერიკელის სამსახურისთვის და ყველა ამერიკელი მუშაკის უფლებების დაცვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები გააჯანსაღებს გლობალურ ეკონომიკას, რაც სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს", – განაცხადა ბლინკენმა.

​3 ჩვენ განვაახლებთ დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის;

"დამოუკიდებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House–ის უკანასკნელი ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელი დოკუმენტია​. მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება. მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალენი ხდებიან და ხალხის ნდობას კარგავენ. არჩევნები სულ უფრო ხშირად ხდება ძალადობის კერა. კორუფცია იზრდება და პანდემიამ ბევრი ეს მიმართულება კიდევ უფრო დააჩქარა.

თუმცა დემოკრატიის ეროზია მხოლოდ სხვა ადგილებში არ ხდება. ამას ადგილი აქვს შეერთებულ შტატებშიც. აქ დეზინფორმაცია მძვინვარებს. სტრუქტურული რასიზმი და უთანასწორობა მილიონობით ადამიანის ცხოვრება აუარესებს. ... ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება საგარეო პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვიქცევით ჩვენი მოწინააღმდეგეების და კონკურენტების მსგავსად, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ ეჭვები გააჩინონ ჩვენი დემოკრატიის სიძლიერეზე. ჩვენ არ უნდა გავუადვილოთ მათ ეს საქმე.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი დემოკრატია მყიფეა. მსოფლიომ ეს ნახა. ახლა ისინი გვიყურებენ, რადგან მათ სურთ, დაინახონ, გამძლეა თუ არა ჩვენი დემოკრატია, შეგვიძლია თუ არა გავუმკლავდეთ გამოწვევას აქ, სახლში. ეს იქნება ჩვენი ლეგიტიმურობის საფუძველი დემოკრატიის დაცვისას მსოფლიოში მომდევნო წლებში.

ძლიერი დემოკრატიული ქვეყნები უფრო სტაბილური, უფრო ღია, უკეთესი პარტნიორები არიან ჩვენთვის, უფრო მეტად ერთგულები არიან ადამიანის უფლებებისადმი, ნაკლებად არიან მიდრეკილნი კონფლიქტებისკენ და უფრო საიმედო ბაზრები აქვთ ჩვენი საქონლისა და მომსახურებისათვის. როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ შიგნიდან და გარე ჩარევის წინაშე. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-სთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის.

ისმის კითხვა: მხარს ვუჭერთ თუ არა დემოკრატიას მთელს მსოფლიოში და როგორ?

ჩვენ საკუთარ მაგალითს გამოვიყენებთ. წავახალისებთ სხვებს, გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები, გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და შეწყვიტონ უკანონო პრაქტიკები. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით, რომელიც ძვირად დაჯდება ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა ამას, ამან არ იმუშავა", – განაცხადა ბლინკენმა.

4 ჩვენ ვიმუშავებთ ჰუმანური და ეფექტური საიმიგრაციო სისტემის შესაქმნელად;

"ძლიერი საზღვრები ფუნდამენტურია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის და კანონები ჩვენი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ ასევე გვჭირდება დიპლომატიური და უბრალოდ ღირსეული გადაწყვეტა იმისა, რომ წლიდან წლამდე, სხვა ქვეყნების ხალხი რისკავს ყველაფერს, რომ აქ ჩამოვიდეს. ჩვენ უნდა გავეცნოთ იმ ძირითად მიზეზებს, რომლებიც უამრავ ადამიანს უბიძგებს სახლების დატოვებისკენ. ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით – ცენტრალურ ამერიკის სახელმწიფოებთან. ამ თანამშრომლობისას ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ძირითად პრინციპებს. სისასტიკე, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, დაუშვებელია. ჩვენი ეროვნული იდენტურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ჩვენ ვართ იმიგრანტების ქვეყანა. ჩვენ გვაძლიერებს ის ფაქტი, რომ მშრომელი ხალხი მოვიდა აქ სკოლაში წასასვლელად, ბიზნესის დასაწყებად, ჩვენი საზოგადოებების გამდიდრებისთვის", – განაცხადა ბლინკენმა.

5 ჩვენ ახალ ძალას შევძენთ ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან;

"ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები აშშ–ის უნიკალური აქტივია. ჩვენ მათთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე მათ გარეშე. ახლა ჩვენ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობისთვის და ვმუშაობთ წლების წინ აშენებული პარტნიორობის აღდგენაზე, რათა ისინი შეესაბამებოდეს დღევანდელ და ხვალინდელ გამოწვევებს. ეს მოიცავს ევროპისა და აზიის ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან ათწლეულების განმავლობაში, ასევე აქ იგულისხმება ჩვენი ძველი და ახალი პარტნიორები აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და ლათინურ ამერიკაში... ჩვენ ნათლად განვაცხადებთ, რომ ნამდვილი პარტნიორობა ნიშნავს ტვირთის ერთად ტარებას, მარტო ჩვენ კი არ უნდა ვატაროთ ეს ტვირთი, ყველამ თავისი წილი ტვირთი უნდა ზიდოს და როცა შეგვეძლება, ჩვენ ავირჩევთ ჩართულობას", – განაცხადა ბლინკენმა.

6 ჩვენ გავუმკლავდებით კლიმატის კრიზისს და გავატარებთ მწვანე ენერგიის რევოლუციას;

"კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის ყველას. ჩვენ ამას მარტო ვერ გამოვასწორებთ. მსოფლიოში ნახშირბადის დაბინძურების 15% მოდის აშშ–ზე. ეს ბევრია და ჩვენ გვჭირდება ამ რიცხვის შემცირება. თუმცა ეს რაოდენობა ნულამდეც, რომ დავიყვანოთ, კრიზისს ვერ მოვაგვარებთ, რადგან ნახშირბადის დაბინძურების 85% დანაჩენ მსოფლიოზე მოდის", – განაცხადა ბლინკენმა.

7 ჩვენ დავიცავთ ჩვენს ლიდერობას ტექნოლოგიაში;

"ახლა გლობალური ტექნოლოგიური რევოლუცია მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ცდილობენ, განავითარონ და განათავსონ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური გამოთვლები. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური უპირატესობა, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის ეკონომიკაში.

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვინც ამ ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, მათ ყოველთვის არ აქვთ კეთილი განზრახვა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტექნოლოგიები იცავს თქვენს კონფიდენციალურობას, გახდის სამყაროს უსაფრთხოს, ჯანმრთელს და დემოკრატიებს უფრო მდგრადს. სწორედ აქ შემოდის ამერიკული დიპლომატია. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გაერთიანებას, რომ ჩამოაყალიბონ განვითარებული ტექნოლოგიები და შექმნან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის საშუალებები. დღეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ნიშნავს ჩვენს ტექნოლოგიებში ინვესტიციების ჩადებას და ამ საკითხის დიპლომატიასა და თავდაცვაში ამაღლებას. ორივეს გავაკეთებთ", – განაცხადა ბლინკენმა.

8 ჩვენ შევძლებთ ურთიერთობას ჩინეთთან;

"ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია, ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალა, რომელიც სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს სტაბილურ და ღია საერთაშორისო სისტემას, ყველა წესს, ღირებულებას და ურთიერთობას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სადაც ჩვენ უკან დავიხიეთ, ის ადგილი ჩინეთმა დაიკავა და ის ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და გავაღრმავოთ კავშირები პარტნიორებთან. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან საჭიროებისამებრ იქნება კონკურენტული, კრიტიკული და თანამშრომლობითი", – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა აშშ–ის ღირებულებებს ასახავს.

"და ბოლოს, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო – "დიპლომატია და არა სამხედრო მოქმედება" ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება", – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები