ბერძენიშვილი: "მიშა შეცდა"
04/03/2021 18:39:17 პოლიტიკა
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვის თემას "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი ეხმიანება.
„პლებისციტის იდეა „ლელო"-ს ფორმატში (მანდატიანი პარტიები) საფუძვლიანად განიხილებოდა. რესპუბლიკელები უფრო ზომიერ სკეპტიკოსთა ფრთას მივეკუთვნებოდით, როგორც არაერთი სხვა ჯგუფი.
ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია პლებისციტს ენმ-მ მისცა - პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც მახსოვს, ინიციატორი მანდატების რაოდენობით და ხმებით მეორე საარჩევნო სუბიექტი - „ევროპული საქართველო" იყო", - წერს „ფეისბუქზე" ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პლებისციტის იდეაზე უარის თქმით დაზარალდება „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა.
„ახლა პლებისციტის უკან წაღების ინიციატივა ოპოზიციას მკვეთრად დააზარალებს. მით უმეტეს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ენმ-ს, რომელმაც ყველაზე მარალი ლეგიტიმაცია მისცა ამ საერთო ოპოზიციურ ინიციატივას.
პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას, გიორგი რურუას და საციხოდ გამზადებული ბევრი სხვა ადამიანის დახსნა დასავლეთის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. და სწორედ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უპრეცედენტო წარმატებული სტარტი გასაძლერებელია და არა უნებურად ჩასაწიხლი.
ვადამდელი არჩევნების პოტენციური თარიღი 2022 წელია. პლებისციტის გარეშე თუ არ თანხმდება ამას ხელისუფლება, უნდა ვეცადოთ, მოვიგოთ პლებისციტი. მოგება კი მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებთან ერთადაა შესაძლებელი.
ან ის რა რთული მისახვედრია, რომ ხელისუფლება თუ იტყვის უარს „პოტენციური ვადამდელისთვის" პლებისციტზე და არც რაიმე სხვა ფორმით დაეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, სწორედ ის გამტყუნდება ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების თვალში.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საკუთარ წინადადებაზე უარის თქმა, დააზარალებს საერთო საქმეს, ოპოზიციას და საკუთრივ ენმ-ს.
გადაწყვეტილებას პარტიაში იღებს პარტიის ოფიციალური ხელისუფლება. მაქვს ამის მოლოდინი, იმედიც და ვგულშემატკივრობ ნიკა მელიას. ასევე, სრულიად განსაკუთრებულია საერთაშორისო ასპარეზზე საერთო ოპოზიციური მთავარი ფიგურის - სალომე სამადაშვილის ძალისხმევა.
მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და ამის დანახვა აუცილებელია. ამით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არაფერი დააკლდება და ენმ, ოპოზიცია მთლიანად და ქართული საზოგადოება მოიგებს.
დასავლეთი-ხელისუფლება-ოპოზიცია
ამ ტრიადაში ის ორი იგებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. პოსტსაბჭოთა საქართველოს მთელი პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს!" - წერს „ფეისბუქზე" დავით ბერძენიშვილი.
ცნობისთვის: სააკაშვილმა განაცხადა, რომ პლებისციტს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახვევს თავს და არ უნდა დასთანხმდეს.


