Accentnews.ge
აფხაზური მხარე თურნავას პასუხობს

აფხაზური მხარე თურნავას პასუხობს

14/05/2019 11:55:01 კონფლიქტები, ეკონომიკა

აფხაზური უნიტარული საწარმო „ჩერნომორენერგო“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მიერ ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „იმ მხარის თანხმობის გარეშე, რომლის იურისდიქციაშიც შედის ენგურჰესის ობიექტი, სამუშაოების წარმოება დაუშვებელია“. 

„13 მაისს ენგურჰესზე დამბაზე (ჯვრის წყალსაცავი) ვიზიტის დროს ნათია თურნავამ რიგი განცხადებები გააკეთა, მათ შორის  – ქართული მხარის მიერ ენგურჰესის აფხაზურ ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების აღსადგენად მუშაობის დაწყების თაობაზე. მართლაც, ჰესის ოთხ ობიექტს შორის ერთი ფუნქციონირებს. ის ფაქტი, რომ მთელი კომპლექსი აღდგენასა და მოდერნიზებას საჭიროებს, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა გვსურს, შევახსენოთ ყველას, რომ ჰესი საქართველოსა და აფხაზეთის მიერ ერთობლივად გამოიყენება და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტის ფუნქციონირებას შეეხება, ორივე მხარის მიერ ერთობლივად უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, იმ მხარის თანხმობის გარეშე, რომლის იურისდიქციაშიც შედის ენგურჰესის კომპლექსის  ესა თუ ის ობიექტი, მეორე მხარე ვერანაირ ნაბიჯებს ვერ გადადგამს“, – ნათქვამია „ჩერნომორენერგოს“ პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზურ საწარმოში ასევე აღნიშნავენ, რომ თურნავას მიერ დაანონსებული სამუშაოების შესახებ მხარეებს შორის არანარი შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა ეთანხმებიან ქართველ მინისტრს იმაში, რომ ამ თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება დაუშვებელია და მხარეებმა თავის საქმანობაში ეს პრინციპი განუხრელად უნდა დაიცვან.

ცნობისთვის: გუშინ ნათია თურნავამ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლი მოინახულა და განაცხადა, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ენგურისა და ვარდნილის ჰესების რეაბილიტაცია აქტიური ტემპით გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც  2018-2021 წლებში ენგურჰესზე დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები და ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდია. სადგურის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 მეგავატი, ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 მეგავატი) და სამი 40-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი. 

ენგურის კაშხალში არსებული წყლის მოცულობა სრული დატბორვისას 1 კუბური კილომეტრი, ანუ 1 მილიარდი ტონაა. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია. კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს, სიგრძე კი 728 მეტრს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S