ზილფიმიანი – დემონსტრანტებზე: "უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებას ასრულებენ, მონები სხვაგან მოიკითხონ"
05/03/2021 10:33:27 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", დავით ზილფიმიანი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს საყვედურობს, რომ პოლიცია არ რეაგირებს პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების შეძახილებზე.
"მე ძალიან მიკვირს, რომ პოლიციის მანქანები დგანან მათგან სამ მეტრში და არც არაფერი... მე არ ვითხოვ დასჯას. ჩვენ ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ, აჰყვეთ პოლიტიკურ შეხედულებებს, სხვა შემთხვევაში მსგავსი რამ, შეიძლება შენიშვნის მიცემა მაინც მომხდარიყო", - თქვა ზილფიმიანმა.
მან კოლეგა დეპუტატებსა და მინისტრს ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა:
"მეგობრებო, ახლა ყველამ შეგვიძლია, ერთი პატარა ექსპერიმეტნი ჩავატაროთ, ეს შეიძლება იყოს ოპოზიცია, საპარლამენტო, შეიძლება იყოს პარლამენტის მომსახურე პერსონალი, თქვენი ასისტენტები მინისტრო, გადით ერთი წუთით ბალკონზე, მოისმენთ შეურაცხყოფებს, გინებებს, სხვადასხვა შეძახილებს, პროვოკაციებს, რომ უპასუხოთ. ისინი არიან სახე დღევანდელი "ნაცმოძრაობის" კონგლომერატისა, მეორეს მხრივ, ისინი განასახიერებენ სრულად გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, რომლის დიდ ნაწილს, მე პირადად ბევრს პატივს ვცემ. მაინტერესებს, აქ რომ შემოვლენ, როგორ ახსნიან იმას, რომ ისინი მათი სახეებიც არიან. რაც შეეხება მათ შეძახილებს, მონობასთან დაკავშირებით, გასაგებია, ადამიანი მონაა იმისა, ვის დავალებებსაც ასრულებს და მითუმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ ესენი ყველანი და ფულსაც მათგან იღებენ. ამიტომ მონები შეუძლიათ, სხვაგან მოიკითხონ".
საქართველოს პარლამენტთან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების შემდეგ მუდმივად იმართება აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საკანონმდებლო ორგანოში შესულ დეპუტატებს შეძახილებით "მონა" აცილებენ.


