"ენმ ვერასდროს ამაღლდება მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერ ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს ბერა ივანიშვილს"
07/03/2021 15:58:45 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „ტვ პირველის" ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობის" "ხელწერას" უწოდებს და პრემიერ–მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
"აშკარაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს", – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.
აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.


