"არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით"
08/03/2021 09:29:00 პოლიტიკა
"არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით", – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს - ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით - გნებავთ ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.
აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.


