Accentnews.ge
"ყველა პარტია მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს"

"ყველა პარტია მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს"

08/03/2021 10:29:16 პოლიტიკა

"ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს", – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი საკითხი არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელება, რისთვისაც ოპოზიცია მზად არის.

„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“,-განაცხადა სამნიძემ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის დამატებითი მიზეზი არ უნდა მისცეს.

"ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში არამარტო მოლაპარაკებების პროცესიდან, არამედ საერთოდ პრემიერმინისტრობიდან გადააყენებდნენ პრემიერმინისტრს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკებების ჩაშლის. მთავარია შედეგი, საზოგადოება ჩვენგან ელოდება შედგეს და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

​"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ თუ მოლაპარაკებების რაუნდები გაიმართება, პარტიიდან პროცესში სხვა ლიდერი იყოს წარმოდგენილი.

"მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე, უფრო პირიქით. ამიტომ, გვინდა, მოვუწოდოთ "ქართულ ოცნებას", რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები, თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს "ლელო" და “ერთიან საქართველოს”, მათი ლიდერებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებები ჩაშლის საშუალება არ უნდა მისცენ, ამასთან, მიიჩნევენ, რომ "სწორი იქნებოდა, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებათა მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო".

ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S