„პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გონივრული შეთავაზებით ჩავა“
08/03/2021 16:45:07 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი 16 მარტს ბრიუსელში იმ “გონივრული შეთავაზებით” ჩავა, რომელიც ევროპელი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს.
როგორც კახა კუჭავა ამბობს, საბოლოო გეგმა არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გეგმა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს.
"იმ გონივრული შეთავაზებით, რომელიც ნამდვილად იქნება მოწონებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს და, რა თქმა უნდა, იქნება ამაზე არა მარტო საუბარი და ყველა გაიგებს, არამედ, პირველ რიგში, იქნება დიალოგის მაგიდასთან ამ საკითხების განხილვა. ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, არ გამომდინარეობს რაღაც კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან, რაც, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში გვხვდება ხოლმე, ეს იქნება ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან სწორი შემდეგი ნაბიჯი.
ვმსჯელობთ, არის ძალიან კარგი მონახაზები და კარგი ვერსიები, რომელზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. არ შევალ დეტალებში, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას და ირაკლი ღარიბაშვილი რომ ხელცარიელი არ ჩავა, ამაში ყველა მინდა იყოს დარწმუნებული. ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში,“ - განაცხადა კუჭავამ „რუსთავი 2“–ის ეთერში.
რაც შეეხება მოლაპრაკების მაგიდას, კუჭავა ამბობს, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება წარმოდგენილი "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაზე:
"ეს ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე იქნება, თალაკვაძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ძალიან კარგად დაიცავს ჩვენი პარტიის და ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ნუ ნერვიულობენ, მთავარია, ისინი მოემზადონ იმისთვის, რომ იყვნენ კონსტრუქციული, ჩვენი მხრიდან ნამდვილად იქნება წარმოდგენილი ღირსეული გუნდი".
ხელისუფლებასთან დიალოგში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია ოპოზიციის ნაწილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი უშუალო მონაწილეობით, 1 მარტს თბილისში გაიმართა ოპოზიციის ლიდერების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.
მოლაპარაკების გაგრძელების თარიღი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, პროცესში ღარიბაშვილის მონაწილეობის გაგრძელებას ეწინააღმდეგება პარტია „ლელო“. მისი არგუმენტია ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 6 მარტს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც ტელეარხის მტკიცებით, ასახავს ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის საუბრებს, სოციალურ ქსელებში მიუღებელი კომენტარების გამო, არასრულწლოვნის მიმართ ანგარიშსწორების შესახებ.
დიალოგში ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.
ამ ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ „პირველის“ ეთერში გასული მასალა ფაბრიკაციაა და 2010-2011 წლებში ფარულად ჩაწერილი სხვადასხვა საუბრის კომპილაციას წარმოადგენს. "ქართული ოცნების" თანახმად, "რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად".


