ელისაშვილი და იოსელიანი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან
09/03/2021 08:02:33 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „ტვ პირველის“ ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.
"ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. გავიდა რამდენიმე დღე და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე: არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს კიდეც, მაგრამ მის მიმართ ნდობა ობიექტური მიზეზების გამო არის ნულს ქვემოთ“, - განაცხადა ბრიფინგზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, „მოქალაქეთა“ ლიდერები ოპოზიციას მიმართავენ, დაეხმარონ მათ აღნიშნული ინიციატივის რეალიზებაში, რადგან რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისათვის, ხოლო 50 ხმა - კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.
აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.


