დუმილის შემდეგ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელებში "გამოჩნდა"
09/03/2021 13:15:08 პოლიტიკა
„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა, თუმცა 3–დღიანი დუმილის შემდეგ გამოჩნდა სოციალურ ქსელებში. კერძოდ, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური რელიზიდან ირკვევა, მან შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ–ის ელჩთან კელი დეგნანთან. რელიზის მიხედვით, შეხვედრაზე, მათ შორის, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილეს.
მოგვიანებით ღარიბაშვილი შეხვედრას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა:
„აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, COVID-19 პანდემია და რთული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის მხარდაჭერას,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.
ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.
9 მარტს პროკურატურაში განაცხადეს, რომ უწყებამ „საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“:
„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში“


