"საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის დროა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს"
09/03/2021 15:10:03 პოლიტიკა
ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან "სვენ მიქსერი" და "მარინა კალიურანდი" საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
"ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფონზე, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სესიაზე მოუწოდებს მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასა" და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში. ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის ერთადერთი გზა, თუკი მათ არ სურთ, საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
როგორც მიქსერი აღნიშნავს, ვითარების განმუხტვაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია:
"მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, ასევე იმაზე, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური დაპირისპირებიდან მოძებნონ გამოსავალი და პროვოკაციებს არ უპასუხონ არაპროპორციული მეთოდებით. [...] მიუხედავად იმისა, რომ ODIHR- მა გარკვეული დარღვევების მიუხედავად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს და მას შემდეგ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში და ვურჩევ ევროპარლამენტში მყოფ მათ მეგობარ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამ მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის პოლიტიკური უთანხმოების მოსაგვარებელი და საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობის გასაგრძელებელი ადგილი. ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ისევე როგორც ქვეყნის სტაბილურობა და ევროატლანტიკური მომავალი, არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესების მძევალი. ამიტომ, ნეიტრალური შეხედულებების მქონე პირებმა როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციაში უნდა მოიპოვონ უპირატესობა და პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა უნდა დადგნენ, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი".
მარინა კალიურანდი თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მიღწევები საფრთხის ქვეშ არის:
„საქართველო წლების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოდელი, რომელიც შექებას იმსახურებდა მისი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და პრო-ევროპული რეფორმებისთვის. სამწუხაროდ, ახლა ყველა ეს მიღწევა რისკის ქვეშ დგას. [...] ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ეს ეხება განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“.


