Accentnews.ge
"16 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, იმედი გვაქვს, პროგრესს ვიხილავთ"

"16 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, იმედი გვაქვს, პროგრესს ვიხილავთ"

09/03/2021 17:56:20 პოლიტიკა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოვიდა და 16 მარტს ასოცირების საბჭოზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის გამო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სერიოზული შეშფოთების საფუძველი გახდა. ეს ვითარება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველ რისკებს ქმნის. კვლავ გავიმეორებ ჩვენს მტკიცე ხედვას, რომ აუცილებელია, ყველა მხარემ იმოქმედოს სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ნიადაგის მოსაძებნად. ევროპული კომისიის პრეზიდენტი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს და ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში, მან მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსიაში და უკან დაბრუნების შემდეგ, გუშინ საღამოს განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ მედიაციაში მონაწილეობის მისაღებად გზავნის.

მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკური პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ პროგრესი უახლოეს მომავალში, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ. პრეზიდენტ მიშელთან ერთად მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად", - განაცხადა ბორელმა.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. ევროპელი დეპუტატები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზსზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. მათივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან, არსებული კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად ამოწურონ. ევროპარლამენტარების ნაწილი აცხადებს, რომ "ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ". როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, "კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და ამავდროულად, პროვოკაციული ქმედებებისგან/რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S