"ჩრდილოვანმა აქტორებმა სააკაშვილმა და ივანიშვილმა პროცესებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ"
09/03/2021 18:19:51 პოლიტიკა
"ჩრდილოვანმა აქტორებმა სააკაშვილმა და ივანიშვილმა პროცესებში ჩარევა უნდა შეწყვიტონ", – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
"საქართველო, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ეს აურზაური ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლების ბრალია. ისინი ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარ ეგოს აყენებენ და თანამშრომლობას პოლარიზაციას ამჯობინებენ. კრიზისის გადასაწყვეტად ევროკავშირმა ფასილიტაციიდან მედიაციამდე უნდა გადაინაცვლოს. [...] ორივე მავნე ჩრდილოვანმა აქტორმა – სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ ვერ გამოვტოვებთ კიდევ ერთ კრიზისს ამ რეგიონში. ეს უწყება, ისევე როგორც თავად მე, მზად ვართ, რომ გზას გავუძღვეთ", – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. ევროპელი დეპუტატები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზსზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. მათივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან, არსებული კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად ამოწურონ. ევროპარლამენტარების ნაწილი აცხადებს, რომ "ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ". როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, "კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით ნაბიჯი ყველა მხარემ უნდა გადადგას და ამავდროულად, პროვოკაციული ქმედებებისგან/რიტორიკისგან თავი უნდა შეიკავოს".


