Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე

„ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე

10/03/2021 06:03:10 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის მიერ „ტვ იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე სახელისუფლებო პარტიის წევრების რეაქცია თითქმის იდენტურია: „ამომწურავი პასუხი“, „გაგაპარტახათ, „ნაცებო“ –ამგვარია საერთო სულისკვეთება.

“ნაცებო”, როგორც 2012-ში, ისე დღესაც, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე! გაგაპარტახათ და ფსკერზე ჩაგიყვანათ, ისე ღრმად, რომ ვერასდროს ამოხვიდეთ. ბერა ნამდვილები ერთად ვართ”,– ამბობს „ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.

სახელისუფლებო პარტიის წევრი, დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი თვლის, რომ “ბერა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ამომწურავად გასცა ყველა კითხვას პასუხი“:

„მაგრამ მე შემზარა იმ ფაქტმა, რა ზეწოლის ქვეშ უწევდა ამ წლების განმავლობაში ამ ოჯახს მოღვაწეობა, რა მსხვერპლზე გავიდა იმის გამო, რომ ამ ქვეყნისთვის რაიმე შეღავათი მიეცა. იმდენად მძიმე მოსასმენი იყო ეს, რომ ვერც კი წარმოგიდგენია. როგორ შეიძლება, ადამიანი ისეთი ქართველთმოძულე იყოს, რომ უცხო ქვეყნებში სხვა ხელისუფლებასთან ასე დაამციროს თავისი მოქალაქე. ეს ძალიან მძიმე მოსასმენი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიქნები სახელისუფლებო გუნდში თუ არ ვიქნები, ამას არასოდეს არავისგან არ მივიღებ, რომ ასე მოექცე საკუთარი ქვეყნის შვილს, როგორც ამ ოჯახს ექცეოდა წინა ხელისუფლება“,– განაცხადა „ფორმულასთან“ დეპუტატმა.

კითხვები არ აქვს არც რიმა ბერაძეს:

"ბერა ივანიშვილი იყო ძალიან გულწრფელი – ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. მან ჟურნალისტის დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხა. კითხვის ნიშნები რაზე უნდა გამჩენოდა, მითხარით, აბა? კითხვის ნიშნები თუ არსებობს, გამოძიება მიყურადებაზე დაწყებულია. რა კითხვებიც იქნა დასმული ჟურნალისტის მიერ, მან გულწრფელად ახსნა რა პროცესები იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში".

დეპუტატი თამარ ტალიაშვილი კი კმაყოფილია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა ბერა ივანიშვილს გრძნობები არ გაუუხეშა:

„და მაინც კვლავ გაგვახსენდა რეპრესიული, შფოთით სავსე წარსული. ის ვინც საკუთარ საუკეთესო მიღწევებსა და წარმატების ზენიტს რეჟიმის 9 წელიწადს უკავშირებს, ბუნებრივია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმ წარსულის პრიზმიდან მსჯელობს, მოქმედებს და გეგმავს პოლიტიკურ სვლებს. ასეთ გარემოცვაში წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაფერხებელია... ხალხს კი ევროპისკენ სვლა ჩქარი ნაბიჯებით სურს... ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით - ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა“.

ბერა ივანიშვილის პათოსს იზიარებს სახელისუფლებო პარტიის წევრი ალუდა ღუდუშაური:

„ადამიანმა თქვა, რომ თუ მე შეურაცხყოფას მომაყენებენ, თუ ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოვითხოვ. თქვენ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ მოითხოვთ პასუხს? გამოვიდნენ ერთ მხარეს ადამიანები ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და თქვან, რომ ამაზე არ მოითხოვენ პასუხს. მეც, როგორც საჯარო პირი და პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მაქვს თმენის ვალდებულება, განსხვავებით ბერა ივანიშვილისგან. მიუხედავად ამისა, თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს არასწორად შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს. მერწმუნეთ, რომ თქვენც მოითხოვთ“.

"​ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ თუ უცნობი ადამიანი მას შეურაცხყოფას მიაყენებს, ის ბერას მსგავსად, პასუხს მოთხოვს. როგორც ყაველაშვილი ამბობს, "გასაკვირი არაფერია":

"თქვენ გგონიათ არ მაგინებენ? განახოთ ახლა ჩემი სოციალური ქსელები რა დღეში არიან? გატარებას რას ეძახით ახლა, პასუხი შეიძლება.. მე ახლა ვიღაც უცნობი ადამიანები... ვინც მიცნობს და თუ მოვა და შეურაცხყოფას მომაყენებს, რა თქმა უნდა, პასუხს მოვთხოვ რა არი გასაკვირი ამაში?!".

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S