"დედის შეურაცხყოფაზე პასუხის მოთხოვნა არ შეიძლება, ვინმეს სკანდალად მიაჩნდეს"
10/03/2021 11:18:28 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ "დედის შეურაცხყოფაზე პასუხის მოთხოვნა არ შეიძლება, ვინმეს სკანდალად მიაჩნდეს".
"ვფიქრობ, ძალიან მარტივად გაიოგო ჩვენი საზოგადოების ალბათ, დიდმა ნაწილმა, აქ საუბარია რაზე, რომ ჩემო ძვირფასებო, ყველას მოგმართავთ, ელემენტარულ რამეზე, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ვიზრდებით. აქ რაზეა საუბარი, რომ ადამიანმა, როგორ შეიძლება, ეხლა, ოჯახში ვიზრდებით, დედა, რომელთანაც პირველი შეხება გვაქვს ხო, იმის შეურაცხყოფისთვის რომ, ამაზე გვჭირდება ახსნა-განმარტება, რომ შეიძლება, ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ და ეს რაღაცა სკანდალით იყოს გამოწვეული და ვინმეს სკანდალურად მიაჩნდეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით, 18 წელი იცხოვრა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში და ვერც ერთ ადამიანს ვერ დაუსახელებენ, ვინც ასეთ შეურაცხყოფას "გაატარებს".
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".
9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.


