
«თუ რუსეთი აფხაზეთისთვის მიწების წართმევას არ შეწყვეტს, მთელი მსოფლიო გაიგებს, რად ჯდება რუსეთთან «მეგობრობა»
11/03/2021 08:04:30 კონფლიქტები
«ჩვენ პატარა რესპუბლიკა ვართ, ფული არ გვაქვს. უკვე გვხდიან და მალე საცვლებსაც არ დაგვიტოვებენ. მაგრამ კიდევ უარესი ისაა, რომ მალე მიწისა და საკუთარი სახლების გარეშე დავრჩებით», - ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიყვებოდა გალის მცხოვრები მარიამი. მოხუცი შვილებისა და შვილივილების მომავალზე წუხდა. მაშინ ღელვის მიზეზს მთლად კარგად ვერ მივუხვდი, სანამ შემდგომში არ შევიტყვე, რას გულისხმობდა მარიამი.
მაშინ, 2020-ში აფხაზური საზოგადოების დღის წესრიგში «გაცილებით სერიოზული» - შიდა პოლიტიკური დავების საკითხები იდგა. მხოლოდ მოგვიანებით აგორდა სკანდალი, რომელიც რუსული მხარის მიერ მოსაზღვრე აფხაზურ სოფელ აიბღასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობასა და თავად ამ სოფლის რუსულ რეესტრში «რუსულად» დაფიქსირებას უკავშირდებოდა.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ აიბღა ერთადერთი ადგილი არაა, სადაც რუსები ნაგლეჯ-ნაგლეჯ ისაკუთრებენ აფხაზურ მიწებს. ბიჭვინთა, ლძაა, აიბღა, გალის რაიონი... როგორც ირკვევა, იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც რუსეთმა უკვე მიითვისა მიწები აფხაზეთის მოქალაქეთა სახლებთან ერთად, ყოველწლიურად ფართოვდება და ყოველ მსგავს ისტორიაში რუსები ყველაფერს აკეთებენ, რათა რეალობა მიიჩქმალოს.
წლების წინ აფხაზეთში საზღვრის სადემარკაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც მკაფიოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოენიშნა აფხაზური სახელმწიფოს საზღვრები. მაშინ აიბღა დაუძლეველ პრობლემად იქცა: რუსებმა მასზე პრეტენზია დააფიქსირეს. კომისიამ მუშაობა არ დაასრულა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი ამასობაში გრძელდებოდა სამხედრო ბაზების მშენებლობა მათთვის გამოყოფილი ტერიტორიების საზღვრების შემდგომი გაფართოებით. მეჩხრად დასახლებულ რაიონებში კი რუსებმა მიწების ნაგლეჯ-ნაგლეჯ მითვისება წამოიწყეს. არა — რუსული დროშა და მავთულხლართი იქ არ აღუმართავთ, თუმცა ადგილობრივებს იმ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს. ერთგვარი ანკლავი შექმნეს აფხაზეთის შიგნით.
ამას დავამატოთ იმ აფხაზი ჩინოსნების «ლამაზი ჟესტები», რომლებიც რუს კოლეგებს რესპუბლიკის ელიტურ ნაწილებში საუკეთესო მიწებს ჩუქნიდნენ - და ნათელი გახდება, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწა აფხაზეთს არცთუ ბევრი დარჩა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მალულად — აქტიური პოლიტიკური მოვლენების ფაზებში ხდებოდა.
«იმის შესახებ, რომ აიბღა ჩვენი აღარაა, სოცქსელიდან შემთხვევით შევიტყვეთ. შესაბამისი ჩანაწერი რუსეთის სახელმწიფო რეესტრშიც აღმოჩნდა შეტანილი და მოგვიანებით რუსებმა ამისთვის თითქოს მოგვიბოდიშეს, თუმცა არაფერი შეუცვლიათ — აიბღა მათ ბაზაში ამ დრომდე რუსულადაა გატარებული. ეს ხომ რუსეთის მიერ აფხაზური მიწების ნამდვილი ოკუპაციაა! როგორც ჩანს, რუსები თვლიან, რომ აფხაზეთი მათზე იმდენადაა დამოკიდებული, რომ ეს მათი პირადი სივრცეა და შეუძლიათ, ჩვენი მიწა ისე განკარგონ, როგორც მოესურვებათ. ასე არ გამოვა!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე რუსტამი.
«ოკუპაცია — ეს რომელიმე სახელმწიფოს მიერ სხვისი ტერიტორიის დაკავებაა, რომელსაც მიტაცებულ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის მოპოვება არ ერთვის. მაგრამ ის, რასაც რუსები ჩვენს მიწებთან დაკავშირებით სჩადიან, სწორედ ამ ცნებაში ეწერება. ერთს ვერ ვიგებ: რუსეთს მართლაც ჰგონია, რომ ჩვენ ამას ხმაჩაგდებულები მივადევნებთ თვალს? თუ იმდენად არიან დარწმუნებულები მათზე ჩვენს სრულ დამოკიდებულებაში, რომ ჰგონიათ, მიწებს ნებაყოფლობით დავუთმობთ?! აი, ხდება კიდეც ის, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები საუბრობდნენ: რუსებთან მეგობრობა არ შეიძლება, რადგან ისინი ყოველთვის თავის სარგებელს ეძებენ, აფხაზების ბედი კი სულ არ ადარდებთ», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ასლანი.
აიბღას საკითხი ჰაერშია დაკიდებული. რუსეთი მას კვლავინდებურად თავისად თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მასზე პრეტენზიის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს. დანარჩენ ტერიტორიებთან დაკავშირებით კი საქმე უფრო ცუდადაა. ორიოდ თვის წინ გალის რაიონის ქვედა ზონის რიგ სოფლებში საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორია, სადაც ომისშემდგომი წლებიდან მოყოლებული, ჯერ - რუსი სამშვიდობოები, 2008 წლიდან კი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იდგნენ, თითქმის 10 კილომეტრით გაიზარდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს რუსმა სამხედროებმა მოისურვეს. აფხაზური ხელისუფლების ოფიციალური თანხმობა ან თუნდაც ინფორმაცია ამ ქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს. თუმცა ეს ხელს არ უშლით სამხედროებს, ე.წ. ნეიტრალური საზღვრისპირა ტერიტორია აფხაზეთის სიღრმეში გაზარდონ. და ისინი ამ სამუშაოს ერთი დღითაც კი არ წყვეტენ. რიგ სოფლებში ადგილობრივმა მოსახლეებმა უკვე დაკარგეს ბაღები, ნაგებობები, ზოგან - თავლები. ხოლო შინაურ ცხოველებს, რომლებიც მათში ბინადრობდნენ, სამხედროები იარაღით კლავენ - «საზღვრისპირა ზონაში ყოფნის წესების დარღვევისთვის». ისედაც არაადამიანურ პირობებში მცხოვრები ადგილობრივები დღითიდღე კარგავენ პირუტყვს ვიღაც რუსი სამხედროების ნებით. და თუ ფიქრობთ, რომ მათ მიერ შემოღობილ ნაკვეთებზე არაფერი შენდება, ძალიან ცდებით: შენდება, თანაც აქტიურად! არაოფიციალური ინფორმაციით, საზღვრისპირა ზონა რუსებმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით სტრატეგიული ობიექტების მშენებლობუსთვის გააფართოვეს, თანაც აფხაზეთის ხელისუფლებისთვის არაფერი უკითხავთ.
გალის რაიონი შორია და დაბალი ზონის სოფლებს აფხაზი ჩინოსნები იშვიათად სტუმრებენ საიმისოდ, რომ საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება. აი, ბიჭვინთა კი მათ თვალწინაა, თუმცა იქაც ჯერ კიდევ წლების წინ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთს რამდენიმე ჰექტარი მიწა წაართვეს. ხოლო არ წააწყდნენ რა არანაირ წინააღმდეგობას, მეტი მოისურვეს და ზღვის სანაპიროს ადგილობრივთა სახლებიც მიაყოლეს. წამში საცხოვრებელი კორპუსები მავთულხლართებში მოაქციეს და ააგეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ვინც იმ მომენტში შინ იყო, მოსაზღვრული ტერიტორიის შიგნით დარჩა, ხოლო ვინც სახლიდან გასული აღმოჩნდა, შინ ვეღარ დაბრუნდა — უბრალოდ აღარ შეუშვეს. მათ ლამის აფხაზეთის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, ძველ მისამართზე ჩაწერა კი ახლით შეუცვალეს და რაღაც მიტოვებულ საერთო საცხოვრებლებში გადაიყვანეს. ყველა ეს უკანონო ქმედება რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის კავკასიური ბიუროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს. რუსი სამხედროების ამ თვითნებობისადმი ყურადღების მიპყრობა მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ მოხერხდა, თუმცა ხელშესახები შედეგი ვერც მაშინ იქნა მიღწეული: რუსულმა სამსახურმა არათუ უარი არ თქვა აფხაზურ მიწებზე პრეტენზიაზე, მიტაცებული ტერიტორიების საზღვრების გაფართოება განაგრძოდა ამას დღემდე აგრძელებს.
ამასწინათ ცვლილებებს აფხაზური საზოგადოების თვალისთვის უხილავი კიდევ ერთი მიმართულება დაექვემდებარა. საუბარია მოშორებულ ტერიტორიებზე ტყვარჩელის, გულრიფშისა და გაგრის რაიონებში. მაღალ მთაში, სადაც მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის, რუსი სამხედროები აშენებენ რაღაც ნაგებობებს, რომელთა დანიშნულება გაურკვეველია. და არც ამ ქმედებაზე მიუცია აფხაზურ ხელისუფლებას მათთვის თანხმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემიძლია, ვთქვა, რომ აფხაზური მიწების წართმევა რუსეთს გუშინ არ დაუწყია და ეს პროცესი ერთი დღითაც არ შეჩერებულა. მაგრამ თუ ადრე საუბარი იყო სამხედრო ბაზების ასაშენებლად საჭირო ტერიტორიებზე, სადღეისოდ უკვე ნათელია, რომ «სტრატეგიული პარტნიორი» ნაწილ-ნაწილ ტოვებს აფხაზეთს მიწის – უმთავრესი ქონების გარეშე და მალე მისგან შესაძლოა, აღარაფერი დარჩეს. მსოფლიოსთვის ეს ტერიტორიები ისევ აფხაზურად დარჩება, მაგრამ აფხაზი ხალხის კუთვნილებაში ისინი აღარ იქნება.
კრისტინა ავიძბა
_______________________________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება