
«აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოსთან ვაჭრობის მომხრეა — მარტო რუსეთის «სიყვარული» ვერ დაგვანაყრებს»
11/03/2021 09:21:54 კონფლიქტები
აფხაზ ბიზნესმენ ბენურ კვირაიას საქართველოში ვიზიტის ირგვლივ აგორებული სკანდალი ხელოვნურადაა აგორებული და ვიღაცას ძალიან აწყობს. ასე თვლის აფხაზეთის იმ მაცხოვრებელთა უმრავლესობა, რომელთაც ამ თემის ირგვლივ დაუსრულებელი სპეკულაციები ესმით. რას აღარ მიაწერდნენ კვირაიას ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი - უშედეგოდ. აფხაზეთის რიგით მოქალაქეებს კვირაიას მოღალატეობისა და ქართველებთან შეთქმულების არ სჯერათ. მეტიც, მათ საპირისპირო კითხვა უჩნდებათ: რატომ ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები ასე დაუოკებლად საქართველოსთან სავაჭრო კავშირებს?
საქმე იმაშია, რომ მთელს ამ ისტორიას საკმაოდ გრძელი პრედისტორია აქვს. ომის დასრულებისთანავე, დაახლოებით 1995 წლიდან ენგურზე გამავალი საზღვარი წარმოადგენდა ერთგვარ აბრეშუმის გზას, რომლის გავლით ათასგვარი საქონელი გადაჰქონდათ. იქნებ, ვინმეს დაავიწყდა, როგორ შემოჰყავდათ აფხაზეთში იაფად მოპარული უცხოური მანქანები, რომლითაც ერთ დროს რესპუბლიკა გადაივსო? ან იქნებ, ვინმეს არ სურს, გაიხსენოს, როგორ ფორმდებოდა ეს ტრანსპორტი ავტოინსპექციაში გაყიდვის უფლების გარეშე? იქნებ, ზოგიერთს ძალიან სურს, დაივიწყოს სიგარეტის, თხილისა და უამრავი სხვა რამის, მათ შორის უიშვიათესი ჯიშის ხის ექსპორტი საქართველოში?
საქმეც იმაშია, რომ მრავალი წლის განმავლობაში გარკვეული პირები კარგად ითბობდნენ ხელს კონტრაბანდაზე, რომლის აღკვეთასაც ცდილობს ახლა სოხუმი ქვეყნის საკეთილდღეოთ მისი ლეგალიზებით. ასე, რომ მათი წინააღმდეგობა აქ აბსოლუტურად ახსნადია: ვინ მოისურვებს, დაკარგოს ესოდენ მსუყე ლუკმა?!
იმისათვის, რომ ხალხის წინაშე, ასე ვთქვათ, სახეები არ გაიშიშვლონ, სწორედ ისინი ცდილობენ ყოველ ჯერზე ამ თემის ირგვლივ სკანდალის აგორებას, ამ მცდელობების «ღალატად» და «სახელმწიფო ინტერესების გაყიდვად» წარმოჩენას. მაგრამ ზოგიერთ ბატონ ოპოზიციონერებს ავიწყდებათ, რომვალებსა და სიღარიბეში ჩაფლული აფხაზეთისთვის ეს გადარჩენის გზაა. თანაც არა მათ მსგავსად — კულუარულად და საკუთარ ჯიბეებში, არამედ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, რომელსაც თამაში «პატრიოტები» და «მოღალატეები» უკვე დიდი ხანია, ყელში აქვს ამოსული!
მაინც რა მოხდა რეალურად და რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, მხოლოდ ახლა დაეწყო საჯაროდ საუბარი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე? ჩვენი თანამოსაუბრეების აზრით, ამის მიზეზი არა მარტო ღრმა ეკონომიკური კრიზისი და რუსეთთან ურთიერთობების «გაგრილებაა».
«ვაი-პატრიოტების ლოგიკით, მაშინაც კი არ უნდა ამოვიღოთ ხმა, როცა რუსეთი ციტრუსის, მიმოზის, თხილის გატანის შესაძლებლობას გვიბლოკავს. ვითომ რატომ?! მიმოიხედეთ ირგვლივ: არსადაა ისეთი საშინელი პირობები, როგორიც რუსეთთან საზღვარზე. ხან რაღაც რწყილიო, ხან — ფაროსანაო, ხან — ისე, ხან — ეს! 20-ზე მეტი წელია, რუსები აპოკალიფსს გვიწყობენ საზღვარზე, ჩვენ კი, თურმე, ამ განუკითხაობისთვის თავის დაღწევაზე ფიქრის უფლებაც აღარ გვაქვს?! საქართველოსთან ცივილიზებული ვაჭრობა არა მარტო გამოაჯანსაღებს ვითარებას, არამედ რუსებსაც აჩვენებს, რომ ჩვენ — აფხაზები გაოუვალ მდგომარეობაში სულაც არ ვართ და რომ სხვა არჩევანიც გვაქვს», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე რემზი.
«ისეთი რა მოხდება, თუ საქართველოსთან ღია ვაჭრობა ჩამოყალიბდება? რისი ეშინიათ ამ პროცესის სასტიკ მოწინააღმდეგეებს? - არ მესმის. და რა შუაშია აქ [აფხაზეთის — რედ.] აღიარება?! ისე მოითხოვენ ამას, თითქოს ამერიკული ბარკლების ან ფრანგული სუნამოების შეძენისას აშშ-სა და საფრანგეთს ჯერ ჩვენს აღიარებას ვთხოვდეთ! პოლიტიკა ერთია, ვაჭრობა — ცალკე რამ. და ნუ ცდილობენ ველოსიპედისგამოგონებას — ყველაფერი დიდი ხანია, გამოგონებულია», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ამრა.
რუსეთ-აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებზეც ამდენს საუბრობენ, რეალურად, ფაქტობრივად არ არსებობს, - თვლიან ჩვენი ინტერვიუერები, რადგან ეს, მათი აზრით, «არა ურთიერთობები, არამედ მათი კარიკატურაა».
«წლიდან წლამდე იცვლება წესები, იზრდება ტარიფები და გადასახადები, - ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება, რომ ვერ შემოვიტანოთ საქონელი და ვერ გავიტანოთ საკუთარი. როგორც შეუძლიათ, ატყავებენ აფხაზეთს, - ასეთი უნდა იყოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობები? რა თქმა უნდა, არა! და აფხაზეთის ყველა თხოვნა ამ არაადამიანური სიტუაციის შეცვლის თაობაზე უპასუხოდ რჩება. მეტიც, როგორც კი ამაზე ხმას ვიღებთ, კიდევ უფრო არაადამიანურ პირობებს გვიქმნიან. იქნებ რუსეთამ ეს დამოკიდებულება შეცვალოს, როცა მიხვდება, რომ აფხაზეთს მის გარდა, სხვა არჩევანიც აქვს», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი.
«ისეთი რა მოხდება, თუ ჩვენი პროდუქცია ქართულ დახლებზე გაჩნდება, ან იქაური საქონელი გაიყიდება ჩვენთან? ისე ეწინააღმდეგებიან, თითქოს ჩვენი ბაზრები და მაღაზიები გადავსებული იყოს საკუთარი პროდუქციით და არა საქართვეოდან შემოტანილი საქონლით. კმარა ხალხის მოტყუება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება! აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოსთან პოლიტიკის გვერდის ავლით სავაჭრო ურთIერთობების მომხრეა. მხოლოდ მტრობითა და რუსების «სიყვარულით» ვერ გაძღები — ამაში ყველანი დიდი ხანია, დავრწმუნდით», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ფატიმა.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რომელმაც კონფლიქტი გადაიტანა, პირველ რიგში სწორედ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები მყარდება, რადგან აუცილებელია, სახელმწიფო ფეხზე დადგეს, ეკონომიკა აღადგინოს და მოქალაქეთა გამოკვება შეძლოს. აფხაზეთს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გეოგრაფიულად, გასასვლელი ორი აქვს — რუსეთზე და საქართველოზე. თურქული დერეფანი რუსების «დახმარებით» საკუთარ თავს მრავალი წლის წინ თავად ჩავუკეტეთ. ასე, რომ არჩევანი მწირია. და ომისშემდგომი 27 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ მხარეს ვიყენებდით, ის კი ამასობაში მუდმივად ლახავდა და ლახავს ჩვენს ინტერესებს. ყოველ ჩვენს ქმედებაზე რუსეთი უკუქმედებას ქმნის და მთელი ამ «მეგობრული» და «კეთილმეზობლური» ურთიერთობების შედეგად აფხაზეთი მის მოქალაქეებ»თან ერთად კოლაფსის ზღვარზეა.
ბენურ კვირაიას მცდელობა, არა მარტო გაეხედა რუსეთისგან სხვა მიმართულებით, არამედ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ეხსენებინა, აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობის მორიგი ფაზის მიზეზად იქცა. რაც ყველაზე უარესია, ეს ყველაფერი — იმ აფხაზების ძალისხმევით, რომლებიც 27 წლის განმავლობაში კრემლისგან ბრძანებების მიღებასა და შესრულებას შეეჩვივნენ. აბა როგორ? - ეს სკანდალი რომ არა, ღერთმა არ ქნას, რესპუბლიკამ უკეთ დაიწყოს ცხოვრება და მაშინ როგორ მოახერხებს რუსეთი მის გადაქცევას საკუთარ მორიგ უკანა ეზოდ?!
სასიხარულოა, რომ აფხაზეთში, რუსეთის უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობენ შეგნებული ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ ხალხსა და სახელმწიფოს არჩევანი უნდა ჰქონდეს და მათ ეს არჩევანი თავად — დიდი მეზობლის გარეშე უნდა გააკეთონ.
ხოლო მათ, ვინც დღემდე ავრცელებს აფხაზეთში დამღუპველ რუსულ რიტორიკას, მინდა, ვკითხო: რატომ გეშინიათ ქართველებთან სავაჭრო ურთიერთობების, აფხაზები ხომ ამით რუსებთან მეგობრობას არ შეწყვეტენ? თუ რუსეთს საქართველოსსთან ვაჭრობა რაღაც უფრო მეტად ესმის, რაღაც ისეთად, რასაც თავად ვეღარ გააკონტროლებს?!
იქნებ დიდმა მეგობარმა, ბოლოს და ბოლოს, ნება გვიბოძის აფხაზებს, თავად გადავწყვიტოთ, რა და როგორ ვაკეთოთ, რა არის ჩვენთვის კარგი და რა — ცუდი?! იქნებ მაშინ შეწყვიტონ სხვადასხვა რანგის რუსმა ჩინოსნებმა პრეტენზიების გამოთქვა, «წლებია, აფხაზეთს კოვზიდან ვკვებავთ და დროა, თავად დაიწყოს თავის რჩენაო».
დრო, როდესაც ვიღაც აფხაზური საზოგადოების ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს, წარსულს ბარდება. სულ უფრო ხშირად მესმის ქუჩებში საუბარი იმაზე, რომ აფხაზეთს უფლება აქვს და ვალდებულიცაა, თავად გადაწყვიტოს,რა არის მისთვის უკეთესი. ომში დახმარებისთვის რუსებისადმი მადლიერება ძალაშია და არ შეცვლილა, მაგრამ როგორ ვიცხოვროთ და განვვითარდეთ- თავად გადავწყვეტთ.
კრისტინა ავიძბა
___________________________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება