ოპოზიცია – "ოცნებას": "ხელები შორს თავისუფალი მედიისგან! არ შევეგუებით და მაინც არ გაგივათ!"
11/03/2021 11:18:50 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებელი" "ტვ პირველის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, " ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!".
პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, "სასამართლოს გადაწყვეტილებას "ტვ პირველიდან" გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან":
"ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!".
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლების მიცემა, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა:
“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია ერთი მთავარი მუხლი: პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება მოთხოვოს ამ წყაროს გამხელა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია იყოს რამე ნათქვამი. აბსოლუტური პრივილეგია ამავე კანონში არის განმარტებული როგორც სრული დაცვა, გამონაკლისების გარეშე, რაც აქვს მედიას. გარდა ამისა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ 41-ე მუხლს: საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმასთან დაკავშირებით. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია, ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს იმას, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, თავიდან ბოლომდე უკანონოა. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირ უგულებელყოფით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არა მარტო მედიისთვის საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე".
"ევროპული საქართელოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ "გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს":
"თუ გავითვალისწინებთ რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოც ელიტა "იმედის" ეთერში, გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს", - აღნიშნავს უგულავა.
უგულავას თქმით, "თავისუფალ მედიაზე შტურმი რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა":
"მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა".
პოლიტიკური მოძრაობის "დროა" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მიმართავს, რომ "არ გაუვათ მედიაზე თავდასხმა":
"სოლიდარობა და მხარდაჭერა "ტვ პირველს" და კონკრეტულ ჟურნალსტებს, ვინც საკუთარი რისკის ფასად შეასკდა სისტემას და კონკრეტული საფრთხეების მიუხედავად, ამხილა დანაშაული - თან "წმინდას" შეეხო. ის, რომ სახლემწიფოს მთელი მანქანა (სასამართლო, პროკურატურა) ტელევიზიას ესხმის თავს და არა დამნაშავეებს, ეს უკვე ნორმაა ჩვენ ქვეყანაში. არ შევეგუებით და მაინც არ გაგივათ".
სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.
მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".
9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.


