ვინ არის მოსამართლე, რომელმაც პროკურატურას ტელეკომპანიაში შესვლის უფლება მისცა
11/03/2021 11:43:25 პოლიტიკა
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა, რომელმაც პროკურატურას ტვ პირველში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იძულებითი ღონისძიების გამოყენების უფლება მისცა, მოსამართლის მანტია მხრებზე რამდენიმე თვის წინ მოისხა. კერძოდ, ის 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

რაც შეეხება მოსამართლეობამდელ კარიერას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ–გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა, 44 წლის კლდიაშვილს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:
- 2000-2001 წლებში იყო სს „თბილელექტროაპარატის“ დაცვის სამსახურის უფროსი.
- 2001-2004 წლებში იყო გამომძიებელი თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში.
- 2004-2005 წლებში იყო გამომძიებელი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში.
- 2005-2007 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
- 2007-2010 წლებში იყო შუახევის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
- 2010-2016 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
- 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი.
- 2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი.
- 2017-2020 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
- 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
განათლება:
- 1994 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 124-ე საშუალო სკოლა.
- 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
- 2015-2017 წლებში გაიარა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი.
- 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
ამავე თემაზე: რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავს "ტვ პირველი" პროკურატურასთან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იმ სპეციპიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც ინიშნებიან კანდიდატები მოსამართლეებად და ამბობს, რომ "არსაიდან" მოსული კადრები სასამართლოში ვერ აღწევენ.
"არსაიდან მოსულ ხალხს ასე შემთხვევით არ ნიშნავენ მოსამართლეებად. როგორც ჩანს, სხვა კავშირებიც არსებობს, რომელიც შესახებაც სამწუხაროდ, მე ინფორმაცია არ მაქს. სტატისტიკურად, ან შიგნით – სასამართლოში გამოზრდილ კადრებს ნიშნავენ, ან ყოფილ მოსამართლეებს, ან იგივეებს უგრძელებენ ვადას“,– განაცხადა „აქცენტთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.


