"დანიელსონი ხისტი და სამართლიანი დიპლომატია. ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რათა უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნო“
11/03/2021 19:00:25 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლია, საქართველოს არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.
"ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელი ვიზიტიც და 6-პუნქტის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დანიელსონი ხისტი და სამართლიანი დიპლომატია. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნო“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
მისივე თქმით, ენმ–ის ოფისში შეჭრა და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება მიუღებელი გადაწყვეტილება იყო და პოლიტიკოსი უნდა გათავსუფლდეს და "მსგავსი ქცევა შეწყდეს, თუ პროგრესი გვინდა".
"გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში", – განაცხადა ბრაიზამ.
მისივე თქმით, ოპოზიციამ მანდატები უნდა აიღოს იმ შემთხვევაშიც კი, რომ სჯეროდეს, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა:
"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა წინ წასაწევი გზა მოიძებნოს და მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 მარტს ეწვევა.


