კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია: "მოუთმენლად ველოდები პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას"
12/03/2021 05:23:03 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია.
დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი", - განაცხადა დანიელსონმა.
პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.


