"შეხვედრაზე კითხვები ძირითადად რეფორმებს ეხებოდა. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა"
12/03/2021 11:24:48 პოლიტიკა
"ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, მთავარი თემა რეფორმების აუცილებლობა იყო", – ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"აღინიშნა, რომ უნდა დასრულდეს ეს კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბოლო 30 წელია, განუწყვეტელ დაპირისპირებას ქმნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობაში, და შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას, და გადავიდეთ ახალ სისტემაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა, ერთადერთი, რაც მე საია-ს სახელით ვთქვი, იყო ის, რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს პოლარიზაციისგან. ესენია რეფორმები სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო კონტროლის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, შეხვედრაზე კითხვები ძირითადად რეფორმებს ეხებოდა:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლოში და პროკურატურაში. გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმის მიუხედავად, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი და ფუნქცია პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩეული იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ეს თუ გენერალური პროკურორი. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს კორუფციის გაზრდილი რაოდენობის გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა. აქ არის საუბარი, ერთის მხრივ, ამ მომენტისთვის განვმუხტოთ კრიზისი და მეორე მხრივ, ამის შემდეგ როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს".
კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.


