Accentnews.ge
დღეს დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

13/03/2021 12:03:22 პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი ოპოზიციური პარტიების – “ლეიბორისტული პარტია”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი" და “სტრატეგია აღმაშენებელი” წარმომადგენლებს შეხვდა.

დანიელსონმა დღეს პირველი შეხვედრა “ევროპული საქართველოს", “ლელოს”, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან გამართა, მეორე – "პატრიოტთა ალიანსის", "გირჩის" "ლეიბორისტული პარტიისა" და "მოქალაქეების" წარმომადგენლებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, განიხილეს როგორც ოპოზიციის ხედვა, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით პირველ მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებული “6-პუნქტიანი დღეს წესრიგი..

"ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მიღებულ 6-პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტს. დეტალურად ვისაუბრეთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტზე და იმაზე, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს ის კომპრომისის ხაზი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს შექმნილი ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩვნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება. მოლაპარაკებები გაგრძელდება, სამწუხაროდ, არ შემიძლია მეტი დეტალები ვთქვა პირველ შეხვედრაზე, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება მოლაპარაკებები. იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან. ასევე, შესაძლებელია, შედგეს ერთობლივი შეხვედრაც. ამ შეხვედრების შემდეგ, გამოჩნდება სად ვართ, სად ვდგავართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა", – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის მიერ ხსენებულ 2 საკითხს გამოყოფს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც:

"დავაფიქსირეთ პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია პოლიტიკური პატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. დანარჩენი უკვე გვიჩვენებს. სავარაუდოდ, დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. ალბათ ევროკავშირიც ჩამოაყალიბებეს თავის პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ არის. წინასწარ არ შევიქმნი პოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად კომპრომისებზე მოვა საერთო შეხვედრაზე. ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში, არა მხოლოდ ჩვენ არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება".

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს გამოსავალს ოპოზიცია.

„ჩემთვის სამი პრინციპული საკითხია. პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ასევე ის, რომ ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელახლი არჩევნებია. ჩემთვის ასევე პრინციპულია, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დავამთავროთ პოლარიზაცა და ერთპარტიული მმართველობა, რასაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო სისტემა. უნდა გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე და ბუნებრივ ბარიერზე. როგორ მივალთ ხელახლა არჩევნებზე, ეს შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი და მათ შორის ერთ-ერთი კომპრომისული ვერსია არის პლებისციტის ჩატარება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონთან შეხევდრაზე განხილულ საკითხებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ისაუბრეს „ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანას აქვს და ყველა იმ საკითხზე, რომელიც დასმულია პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ“.

როგორც "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და თუ ამ ვადამდელი არჩევნების თემას ოპოზიცია უკან წაიღებს, მაშინ ეს არ არის კონსენსუსი, ეს არის ოპოზიციისგან უარის თქმა თავის მოთხოვნაზე და დათანხმება ხელისუფლების მოთხოვნებზე.

"რაც შეეხება პლებისციტს, ეს არის თემის სადღაც შორს გადაგდება, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანას ვერ გამოიყვანს. აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, თუ ჩვენ გვინდა იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ, რომელშიც დღეს ქვეყანაა. ყველასთვის არის ცნობილი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა ტოტალურად. არჩევნების გაყალბების არცერთი მექანიზმი ასეთი მკაცრი არ ყოფილა ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენ ერთი რამ უნდა დავინახოთ რეალურად, რომ ვალდამდელი არჩევნები არის მხოლოდ გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ვადამდელი არჩევნების თარიღის ჩანიშვნა არის მხოლოდ გზა იმისთვის, რომ ჩვენ შევჯერდეთ სხვა საკითხებზე",- განაცხადა თევდორაძემ.

თევდორაძის განცხადებით, "რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, ეს საკითხი ხელოვნურად, ხელისუფლებისგან არის შექმნილი":

"ნიკანორ მელიას საქმე ამ არჩევნებამდე არ არსებობდა? - არსებობდა! ის იყო ბრალდებულიც და მსჯავრდებული ფაქტობრივად. შემდეგ მოხდა ხელისუფლებისგან ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენა და ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ახალი თემა გაჩნდა. თორემ უმთავრესი თემა ვადამდელი არჩევნები იყო და თუ ამ ვადამდელი არჩევნების თემას ოპოზიცია უკან წაიღებს, მაშინ ეს არ არის კონსენსუსი, ეს არის ოპოზიციისგან უარის თქმა თავის მოთხოვნაზე და დათანხმება ხელისუფლების მოთხოვნებზე".

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ " პოლიტიკური პატიმრების საკითხი ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების პირობაა":

"როდესაც ჩვენ ვიძახდით, მშვიდობაა დასამყარებელი მხარეებს შორის-მეთქი ეს იყო სასაცილო. დღეს ამაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოსული სტუმრები და ყველა. დაპირისპირების დასრულების გარეშე, თითოეული ის პუნქტი, რაზეც კითხვებს სვამთ, არარეალურია. ჯერ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, იმისთვის, რომ დაიწყო საუბარი, ამის საშუალება უნდა მოგეცეს".

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, "პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც მარაკანას სტადიონზე მოუწიოს გამოსვლა".

"მოთხოვნები არ იცვლება, ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მიეწეროს ხელი. ასევე, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში. გარდა ამისა, ივანიშვილის პირადი სანქცირების გარეშე, მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე. ეს არის მწარე რეალობა. ამიტომ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი - სანქციების ქვეშ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მილიარდები და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება ჩვენი ხალხის ოჯახებში და ქვეყნის ბიუჯეტში. "ქართული ოცნება" ან ნებით დათმობს, ან ამას დაათმობინებენ. მე არ მაწუხებს რაიმე გადაჭარბებული ილუზიები, რომ დღეს, ხვალ და თუნდაც 16-მდე ყველაფერი გადაწყდება და გაირკვევა. ალბათ, მოლაპარაკებები და რქაგრეხილობა გაგრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა, რის შემდეგაც ოლიგარქი გამოაცხადებს კაპიტულაციას",- განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, "პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა".

„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები არის პრობლემის შედეგი და საფუძველი არის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო. დღეს გვაქვს შანსი, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, შევცვალოთ და მგონია, რომ ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობიო სექტორთან, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. იგი "ქართული ოცნებისა" და "ენმ–ძალა ერთობაშიას" ლიდერებს გუშინ შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S