
„პუტინი ბოდავს და ამის საფუძველი ჩვენი პანიკა და შიშებია“
10/07/2019 13:35:30 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ინტერვიუ
„აქცენტი“ გთავაზობთ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან.
– ბატონო ზაზა, თქვენი ხედვით რა აჩვენა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა? ვგულისხმობ რეაქციას, რომელიც მოჰყვა ერთი ჟურნალისტის არაეთიკურ განცხადებას – საგანგებო ბრიფინგები ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი და მეორეს მხრივ, საზოგადოების შეშინებული ნაწილი...
– პანიკა და ისტერია ნამდვილად არ იყო საჭირო და არც სასურველი. ხელისუფლებამ კი თავისი მომზადებული ბოდიშებით კიდევ უფრო გაუსვა ხაზი, თითქოს რაღაც საგანგებოდ სახიფათო სიტუაცია შეიქმნა ქვეყნისთვის. საქმე ის გახლავთ, რომ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის გინებას ჯერ დედამიწის ზურგზე ომი არ მოჰყოლია. ჟურნალისტის ქცევა ნამდვილად არ შედის ჩემს გემოვნებაში. ჩემს ოჯახში ვიღაც ასე რომ მოიქცეს, მეორედ აღარ შემოვუშვებ, მაგრამ „ჭიდაობა“ იმაზე, მოიქცა თუ არა სწორად, მეხუთე–ხარისხოვანია. აქ მთავარი სხვა რამაა: პუტინმა [რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] თავისი ვითომ რბილი დამოკიდებულებით – თითქოსდა შეეძლო განსაკუთრებით მკაცრი ზომების შემოღებს, მაგრამ არ შემოიღო, სამწუხაროდ, როგორც ვატყობ, მრავალ ადამიანს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ის გულმოწყალედ მოგვექცა. რეალურად კი განსხვავებული სიტუაციაა: მას კიდევაც რომ გადაედგა ნაბიჯები ემბარგოს ან რაიმე სხვა სანქციის სახით, ძალიან უარყოფითად გამოჩნდებოდა მსოფლიო საზოგადოების თვალში. წარმოიდგინეთ, ერთი ჟურნალისტის განცხადების საპასუხოდ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ იღებს ზომებს. ასეთი ნაბიჯი ცივილიზებული სამყაროსთვის სრულიად გაუგებარი იქნებოდა.
– ბრძანეთ, პუტინის განცხადების შემდეგ საზოგადოების ნაწილს არასწორი განწყობები ჩამოუყალიბდაო. ფიქრობთ, რომ ამას თავად ხელისუფლების პოზიციონირებამ შეუწყო ხელი?
– დიახ. ხელისუფლებას შეეძლო, თუნდაც ქართული საზოგადოებისთვის მოეხადა ბოდიში ჟურნალისტის ქცევის გამო, მაგრამ ის ნოტები, რაც გაისმა, მათ შორის პრეზიდენტის განცხადებაში, არა თუ ზედმეტი იყო, კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას, არწმუნებს ბევრ ადამიანს, რომ თურმე პუტინი „მოწყალე“ იმპერატორი ყოფილა – შეეძლო და არ გააკეთა. არ შეეძლო! ამის [სანქციების დაწესება] გაკეთება და მსოფლიო საზოგადოების თვალში მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო მეტად ნგრევა მყისიერი იქნებოდა.
– ამ განწყობებს, რომელიც, მათ შორის ხელისუფლების ხელშეწყობითაც შეიქმნა, რა სახის რისკები ახლავს?
– პრორუსული სენტიმენტების გაძლიერება – სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო. თუ ხელისუფლებას სურს, დაგვარწმუნოს, რომ ის არ უწყობს ხელს პრორუსული სენტიმენტების გაძლიერებას, ისე არ უნდა მოიქცეს, როგორც მოიქცა. მით უმეტეს, რომ მისი ხელშეწყობით ქვეყანაში გაძლიერდნენ ძალები, რომელთა გაღვიძებაც მე 90–იანი წლების შემდეგ ვერ წარმომედგინა.
– შექმნილ ფონზე, იგივე რუსულ სანქციებზე ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის დაკისრება რამდენად ადეკვატური აღქმაა სიტუაციის, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში?
– ხელისუფლებას შევახსენებდი, რომ ყველაფერი დაიწყო იმ ვაჟბატონის [რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის] საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაბრძანებით და სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ამ საქმეში გარეულები. ამიტომ, ნუ დააბრალებს ახალგაზრდების აღშფოთებას იმას, რაც მათ არ შეიძლება, დაბრალდეთ.
– როგორ ფიქრობთ, მათ შორის ხელისუფლების ხელშეწყობით შექმნილი ისტერია ხომ არ არის კავშირში ისევ შიდაპოლიტიკურ პროცესებთან, საარჩევნოდ საზოგადოების პოლარიზების მცდელობასთან?
– რთულია ამის წარმოდგენა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არჩევნებზე მივიღებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პასიურობას ამომრჩეველთა მხრიდან, ვიდრე ადრე გვქონდა. აშკარაა, რომ მოქალაქე პოლიტიკური სპექტრისგან გაუცხოვდა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ჩიხშია შესული. შესაძლოა, ვიღაცას აქვს ილუზია, რომ ეს არჩევნებისკენ არის მიმართული, რეალურად კი ორივე მხრიდან [ენმ–ს და „ქართული ოცნების“] ქართული სახელმწიფოებრიობის „ნავის“ დაწევა ხდება. ცდილობენ, აღადგინონ სიტუაცია, რომელშიც ორივენი კომფორტულად გრძნობენ თავს. თუმცა ეს მდგომარეობა ვერ შენარჩუნდება: მის უნაყოფობას ყველანი ვხედავთ და საკუთარი კანით ვგრძნობთ.
– საზოგადოების რეაქციას რომ დავუბრუნდეთ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოწყვლადები აღმოვჩნდით რუსეთიდან წამოსულ ნებისმიერ ნარატივთან მიმართებაში?
– შესაძლოა, იმდენად მოწყვლადები არ ვართ, როგორც შთაბეჭდილება მრჩება, საგანგებოდაც აღვივებენ ამ განწყობებს. ხელისუფლების განცხადებები არაფერს ჰგავს. ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს რუსეთისთვის, არ უთქვამს, „აბა რას ელოდით, როდესაც თქვენი – ქვეყანის, რომელსაც ჩემი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, დეპუტატი ჩაბრძანდა ერთ–ერთი სახელმწიფოებრივი სიმბოლოს – სპიკერის სავარძელშიო?!“. ამ საკითხზე რუსეთს არავინ ელაპარაკება. ყველა ცდილობს, გაჩუმდეს, ცოტა მიანიშნოს...ასე არ გამოვა. საბოლოო ჯამში კი პუტინი მაპატიეთ და ბოდავს, თვითკმაყოფილი გვიღიმის და გვიყვება საქართველოს და რუსეთის ხელახლა შეთხზულ ისტორიას. და ამას საფუძვლად არა რეალური, არამედ ჩვენი პანიკა და შიშები უდევს.
– 9 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ერთის მხრივ, „მოწყალების მანტია“ მოისხა და ბრძანა, პატივს ვცემ ქართველ ხალხსო, მეორეს მხრივ, იმავე დღეს გადაწერა საქარველოს ისტორია. როგორ ფიქრობთ, ამ გზავნილის ადრესატი ვინ იყო?
– ამას 2008 წლიდან გვეუბნებიან, „შეეგუეთ ახალ რეალობას, მე დიდი ვარ, ღონიერი და წარსულის შეცვლაც კი შემიძლიაო“,– ამას ღიად გვეუბნება. ამდენად ღირსებადაკარგული ხალხი არ ვართ, ყველაფერზე თავი ვუქნიოთ. ბუნებრივია, ის თავისას იტყვის, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ საქარველოს ტერიტორიული პრობლემის აქტუალობა შესუსტდა როგორც საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხი. აშკარად ჩანს, ჩვენი ხელისუფლება დიპლომატიურ დონეზე ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს.
პუტინის განცხადება შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. კიდევ კარგი, მან ეს განცხადება გააკეთა, რადგან „მოწყალე მეფის“ შთაბეჭდილება ნაწილობრივ მაინც გააქარწყლა. ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც თუ გამოვა და დიპლომატიურ ენაზე იტყვის, „ბატონი ვლადიმირ პუტინის წარმოდგენები საქართველოს ისტორიაზე, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, ის სწორად არ არის ინფორმირებულიო“, მე მადლიერი ვიქნები.
– და ბოლოს, საკითხი, რომელიც თემასთან უშუალო კავშირში არაა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, მაგრამ არის საუბრების მის შესაძლო პოლიტიკურ გააქტიურებაზე. ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ?
– იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ახალი მესია მოგვევლინა, ზედმეტი იქნება. მესია არც გვჭირდება. მეორეს მხრივ, მე ვახსენე ბოდვის ჩიხი, რომელშიც შეგვიყვანეს: მთავარი მსოფლმხედველური საკითხები თურმე ნეოფეოდალებსა და სექსუალურ უმცირესობას შორის კამათში წყდება მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა; უამრავი ემიგრანტი გვყავს და ღმერთმა იცის, რა დამცირებულად გრძნობენ ისინი თავს...ამ პირობებში ხაზარაძის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი განცხადება, რომ მიზანი სამოქალაქო მშვიდობა იქნება. ანუ ის ფიქრობს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განსხვავებული ენით შემოვიდეს. რამდენად შეძლებს, ამის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, არ ვიცი მისი პოლიტიკური უნარები. წარმატებული ბიზნესმენი წარმატებულ პოლიტიკოსს რომ არ ნიშნავს, ამაში ბიძინა ივანიშვილის მაგალითზე დავრწმუნდით. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე საკმაოდ განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, იცნობს ქართულ ფინანსურ, ეკონომიკურ სამყაროს, ამიტომ, ვნახოთ. მას ვითარება საკმაოდ ადეკვატური დახვდა და ამ პირობებში წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ შესაბამისი უნარები აღმოაჩნდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021