კობახიძე – სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მელიას დაკავების განხილვაზე: "არ შეიძლება, ასეთი მარტივი საკითხებიდანაც, ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს"
14/03/2021 07:48:27 პოლიტიკა
"არ შეიძლება, ასეთი მარტივი საკითხებიდანაც, ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს", – ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, ხომ არ იყო ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მისივე განცხადებიდან ირკვევა, რომ "ოცნების" ლიდერები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების ოპერაციაზე, ჯერ კიდევ მაშინ მსჯელობდნენ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო ცნობილი.
"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსის დაპატიმრებასთან ან არდაპატიმრებასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯელებთ თუ არ იმსჯელებთ ამაზე? რა თქმა უნდა, პასუხი არის მარტივი – წინასწარ იმსჯელებთ ამაზე, მარტივია. დანარჩენი არის სპეკულაციები. არ შეიძლება, ასეთი მარტივი საკითხებიდანაც, ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს. ჩვენ ვიცოდით, რომ ან მიიღებდა დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას, ან არ მიიღებდა. ბუნებრივია, ორივე ვარიანტთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საათების განმავლობაში გრძელდებოდა ნიკა მელიას საქმის პროცესი. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 22:20 საათზე გამოაცხადა, შესაბამისად, გარუკვეველია, რაზე დაყრდნობით მსჯელობდნენ 17 თებერვლის 17:00სთ–ზე “ქართული ოცნების’ ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე თუ მის გადადებაზე.


